საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია წარადგინა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან თანამშრომლობით საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ ფორუმს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მთავრობის, კვლევითი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მმართველი რგოლების 80-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გასაცნობად, ცოდნის გასაზიარებლად და ამ თემებზე დიალოგის ხელშესაწყობად. ADB-ის ტექნიკური დახმარების საშუალებით საქართველოს მთავრობამ მიიღო კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, რომელიც ქვეყნის კაპიტალის ბაზრის კოორდინირებული და თანმიმდევრული განვითარების სახელმძღვანელო იქნება. სტრატეგია ასევე ქმნის კრიტიკულად მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოს განვითარების პარტნიორებისთვის ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების სამომავლო ნაბიჯების კოორდინირებულად დასაგეგმად.

ღონისძიებაზე სტრატეგია გიორგი გურგენიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დირექტორმა წარადგინა.

ორ პანელურ დისკუსიაზე განიხილეს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოების როლი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და მდგრად დაფინანსებაში. პანელისტებმა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოების მონაწილეობაზე, მათ შორის სავალო ვალდებულებით, სააქციო კაპიტალის გამოშვებითა და საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებით. ექსპერტებმა ასევე განიხილეს მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობა ხელი შეუწყოს საქართველოს გარემოს დაცვით და სოციალური განვითარების მიზნებს.

„მოხარული ვართ, რომ განვაგრძობთ მთავრობის მუშაობის ხელშეწყობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაღრმავების, ბაზრის ეფექტიანობის გაძლიერების, საინვესტიციო შესაძლებლობების მობილიზებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის წახალისებისთვის.

ჩვენი მიზანია ჩვენი ტექნიკური ექსპერტიზის, ფინანსური რესურსებისა და საერთაშორისო კავშირების მობილიზებით, განვაგრძოთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობა კაპიტალის ბაზრის გაძლიერებისთვის“,-განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კამელ ბუმადმა.

ADB 2008 წლიდან უწყობს ხელს საქართველოს ფისკალურ მედეგობას სხვადასხვა პროგრამის საშუალებით; მათ შორისაა შიდა რესურსების მობილიზება, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარება, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის რეფორმა, კოვიდ-19-ის ვაქცინაცია და სხვა.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე