პრემიერი - მე ვიმყოფებოდი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები - მათ დეტალურად ავუხსენი, რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ავტომატურად მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. მან ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილია პოლარიზაციის დასრულება, რისთვისაც აუცილებლად უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

„იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ვიმყოფებოდი, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტ მიშელთან, ჩემს დელეგაციას ჰქონდა მის კაბინეტთან შეხვედრები. მე ასევე შევხდი ევროკომისარ ვარჰეის და მქონდა ვრცელი საუბარი ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესზე. პირადად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა გვქონდეს, თუმცა, იქამდე ბევრი რამ არის გადასაწყვეტი, მათ დეტალურად ავუხსენი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი საქმიანობის სრული რაპორტი არის მიწოდებული ევროკომისიაში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მათ კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ ამ სიტუაციაში, რომელშიც მთელი მსოფლიო ვიმყოფებით, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. მე მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა. ეს არ შედის არც დასავლეთის და არც ჩვენს ინტერესებში. მე ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო. თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ავტომატურად მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. აი, ეს შეფასებები იყო, დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ ამ კვირაში ველოდებით ანგარიშს. ეს არ იქნება საჯარო ინფორმაცია, მაგრამ ალბათ, ინფორმაცია ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. საბოლოოდ, ოქტომბერში უნდა წარადგინოს ევროკომისიამ რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, მისცეს თუ არა სტატუსი საქართველოს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, თუ რაიმეს აკეთებს ხელისუფლება, ეს პირველ რიგში, ქვეყნისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის არის.

„რაც ბოლო წლებში ხელისუფლებამ გააკეთა, ეს იყო ყველაზე მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით: ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა, რომელიც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებები იყო. სტატუსი არის სიმბოლური აღიარება ამ ყველაფრის, ამიტომ, დაველოდოთ. რაც შეხება მედია პლურალიზმს, თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიაპლურალიზმის საკითხს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ მედიაგარემოზე. 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა არცერთი დამოუკიდებელი, ძლიერი, ოპოზიციური არხი, დღეს უამრავი ტელევიზიაა, აგერ ხართ თქვენ წარმოდგენილი ძლიერი ოპოზიციური არხი“,-განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო