საქართველოს პროკურატურა დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ორგანიზებულ რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიება დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევის, მართვის, საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.
რეგიონალურ სამუშაო შეხვედრაში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინის, ლიბიის პროკურატურების და სხვა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ მიმართა და ევროკავშირსა და გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს პროკურატურისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს ამ ღონისძიებას. ეს გამოცდილების გაზიარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ტრანსნაციონალური და კომპლექსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო და უწყებათაშორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და ამ რეგიონალური სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებული ცოდნა დადებით გავლენას მოახდენს დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევისა და მართვის, ასევე საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდაზე,“ - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის უფროსმა სამართლებრივმა ოფიცერმა, ჯეიმს შოუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმამ რადიცა ნუსდორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევის, მართვისა და საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
„ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს პროკურატურის, მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის, გერმანიის პროკურატურის, უკრაინის უმაღლესი ანტი-კორუფციული სასამართლოსა და ეროვნული ანტი-კორუფციული ბიუროს, ევროჯასტის, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ბლოკჩეინის მონაცემთა პლატფორმა Chainalysis-ის, ვირტუალური აქტივების მომსახურების საერთაშორისო პროვაიდერებისა - Binance/Coinbase და გარემოსა და ეკონომიკური სამართლიანობის აფრიკული ქსელის (ANEEJ) გამოცდილებას გაეცნონ.
დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რეგიონალური სამუშაო შეხვედრა სამი დღე გაგრძელდება და განსაკუთრებული აქცენტით ვირტუალური აქტივების ამოღების საკითხის განხილვით დასრულდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.