ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად დგას სხვა უწყებების გვერდით და აკეთებს მაქსიმუმს, რათა უსაფრთხოების ეს განზომილება სათანადოდ იყოს დაცული

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე ეროვნული კიბერმედეგობის გაძლიერებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როლზე და უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული კიბერმედეგობის გაძლიერებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად დგას სხვა უწყებების გვერდით და აკეთებს მაქსიმუმს, რათა უსაფრთხოების ეს განზომილება სათანადოდ იყოს დაცული.

„სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ამის პირდაპირი დადასტურებაა“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერსარდლობის ჩამოყალიბებასა და დაკომპლექტებაზე, ასევე, აქტიურ ფაზაშია კიბერუსაფრთხოების ბიუროს ახალი შენობის პროექტირება, სადაც თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო სივრცე მოეწყობა.

სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„უწყებრივი თანამშრომლობის პოზიტიური შედეგია SNGP-ის კიბერთავდაცვის პაკეტის ეროვნულ დონეზე ატანა და თანამშრომლობის ამ ფორმატისათვის უფრო მეტი ლეგიტიმაციის შეძენა. ჩვენ გვჯერა, რომ კიბერსივრცის კომპლექსურობიდან გამომდინარე მჭიდრო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოსა და ევროკავშირთან არის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ კიბერსწავლებებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ფორუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება. ღონისძიებაში მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა