სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარმა საკონსულტაციო ორგანომ - „ფერმერთა სათათბირომ“ ექვსი თვის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციასთან „აგრო დუოსთან„ ერთად, აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფერმერთა ასოციაცია“ ავრცელებს.
„ფერმერთა სათათბიროს“ სპიკერმა, რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ დაწყებულია აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან - ფერმერებთან, დარგის წარმომადგენლებთან და სექტორულ ასოციაციებთან.
„ფერმერთა სათათბიროს“ მიერ შემუშავებული დაახლოებით 15-მდე ინიციატივა უკვე გაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. შესაბამისად, დაწყებულია აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან - ფერმერებთან, დარგის წარმომადგენლებთან და სექტორულ ასოციაციებთან. დღეს, ძალიან აქტუალურია ტურიზმის კანონი და მასთან დაკავშირებული განხილვები. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია კონკრეტულად აგროტურიზმის მიმართულებით, აქტიურად არის ჩართული პროცესში. სამინისტროს ხელმძღვანელობასთან უკვე გვქონდა პირველი შეხვედრა აგროტურიზმის ასოციაციის მიერ ფერმერთა სათათბიროს ფარგლებში შემუშავებული ინიციატივებისა და წინადადებების განსახილველად, რაც პროცესის ეფექტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.
მათივე ცნობით, განათლება სოფლის მეურნეობაში, კვლავ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და შეხვედრის ფარგლებში, სათათბიროს წევრმა ასოციაციებმა დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოსთან“ ერთად, სწორედ, ამ მიმართულების განვითარებაზე იმსჯელა. ასევე , მხარეებმა განიხილეს „აგრო დუოს“ განახლებული წესდება, სტრუქტურა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმები.
„აგრო დუო“ 10 სხვადასხვა ქვესექტორულ ასოციაციას აერთიანებს. დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარება შესაბამისი ღონისძიებების უფრო ეფექტიანად დაგეგმვაში, რათა გავზარდოთ პროცესში ჩართული აღნიშნული ქვესექტორული ასოციაციების რაოდენობა. ვინაიდან კადრების დეფიციტი საერთო პრობლემაა და თანაბრად ეხება სხვადასხვა ქვესექტორულ ასოციაციას, აუცილებელია პროცესის მონაწილე ყველა სუბიექტის მოცვა. ასევე, მნიშვნელოვანია თავად აგრო დუოს წევრების მიერ საკუთარი ქვესექტორების ფარგლებში ძირითადი პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც შემუშავდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები და მოდულები“, - განაცხადა „აგრო დუოს“თავმჯდომარემ თამარ თორიამ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“ 2019 წლიდან უზრუნველყოფს აგრარულ სექტორში პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას. ორგანიზაციის მიზანია, ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით სოფლის მეურნეობაში პროფესიული კადრების მომზადება/გადამზადება.