მთავრობა ავტოსადგურის სერტიფიცირების, მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღების ინიციატივით გამოდის და ამ მიმართულებით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას სთავაზობს

მთავრობა ავტოსადგურის სერტიფიცირების, მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღების ინიციატივით გამოდის და ამ მიმართულებით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას სთავაზობს.

პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის თანახმად, ავტოსადგური განიმარტება როგორც მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწყობილი ადგილი, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ, არარეგულარულ, ქვეყნის შიდა ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები ემატება, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ. ასევე, მუნიციპალიტეტი თავისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა სავალდებულო არ არის.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება ხდება - ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.

როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, ავტოსადგურებში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები დაცული არ არის.

უწყების ინფორმაციით, უმეტესი ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

“მიუხედავად ამისა, ავტოსადგური ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება გადამზიდველი, რითაც ზღუდავს სხვა გადამზიდველებს, აწესებს მომსახურების მაღალ ტარიფს და გადამზიდველებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას სპობს.

დღეს არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის - სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასეთივე უწესრიგობას სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას ვაწყდებით.

სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე - მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მიზნით იყენებენ რესურსამოწურულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც კომფორტის თვალსაზრისით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

შედეგად ის მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ახორციელებენ, არაკონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდენ, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას“, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო