დიმიტრი ხუნდაძე - თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ შეერთებული შტატების ელჩი გამოვა და ღიად იტყვის, რომ საქართველოს ომში მონაწილეობის როლი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება

თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ შეერთებული შტატების ელჩი გამოვა და ღიად იტყვის, რომ საქართველოს ომში მონაწილეობის როლი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, სწორედ „ხალხის ძალის“ დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს აეხადა ფარდა და დღეს საზოგადოება ბევრად ინფორმირებულია.

„თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ შეერთებული შტატების ელჩი გამოვა და ღიად იტყვის, რომ საქართველოს ომში მონაწილეობის როლი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. ხელისუფლება რომ ვერ ამბობს სათქმელს ბოლომდე, სწორედ ამიტომ იყო ჩვენს შორის გარკვეული აცდენა (არა ღირებულებითი), ჩვენ ეს თავიდანვე განვაცხადეთ, როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სიმართლის ხარისხი არ იყო იმგვარი, რაც სჭირდებოდა საზოგადოებას. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირების სცენარი და ჩვენ ვნახეთ ლობისტური კომპანიების დაქირავება, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი, არაერთი ექსპერტი, სქელტანიანი სამედიცინო დასკვნები (გაყალბებული) და ევროკავშირის ქვეყნების 27-ვე ელჩის თუ არა, უმეტესობა მათგანის ხან მარში, ხან დემარში. ერთ კაცის გარშემო იყო აურზაური, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ერთი კაცის დაცვისთვის, ან მხოლოდ მისი ინტერესებისთვის, ისევე, როგორც მისი შემოყვანა საქართველოში არ იყო მხოლოდ ის, რომ სააკაშვილს საქართველო მოენატრა.

ჩვენ ვნახეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სპეკულაციური სცენარი სტრასბურგმა დაასრულა, ახლა კი პოლიტიკური სპეკულაციური სცენარი წამოვიდა, თუმცა ის პოლიტიკაში ყოველთვის იყო. იგი საზოგადოებას სთავაზობს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოვიდეს, უარყოფს საქართველოს მოქალაქეობას, ქართულად არ საუბრობს და უკრაინული ენიდან თარჯიმანს ითხოვს სასამართლო პროცესზე. პრაქტიკულად, ქვეყნის იმიჯი შელახა არა მხოლოდ მან, არამედ მთლიანად ამ ჯგუფმა, რომელიც საქართველოში დესტრუქციული სცენარის შემქმნელი და ორგანიზატორია.

დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ ჯგუფისთვის მიუღებელია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ის არ ასრულებს გარე დაკვეთებს. მესმის, რომ უკრაინაში ომის სასურველი დასასრულისთვის საქართველოს, შესაძლოა, საჭირო როლი ჰქონდა, მაგრამ საქართველოს აქვს უფლება, რომ პრიორიტეტად საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიტოვოს და არა მხოლოდ სხვის ინტერესებზე იყოს მორგებული.

დღეს არ არის პოლიტიკური კეკლუცის დრო, დღეს უნდა ითქვას სიმართლე და სწორედ ამ სიმართლით საზოგადოებამ ხელისუფლებასთან ერთად (მაგრამ უმთავრესი როლი საზოგადოებას ჰქონდა) უზრუნველყო ის, რომ დღეს საქართველოს არ აქვს უკრაინის ბედი გაზიარებული.

რაც შეეხება ელჩ დეგნანის განცხადებას, ამის საპასუხოდ მე გამოვიყენებ საერთაშორისო ასპარეზზე გაკეთებულ განცხადებებს. მაგალითად, მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი ვერ იქნება აშშ-ს ვასალი; ისრაელი ყოველთვის ძალიან დიდ დახმარებას იღებს აშშ-სგან, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი აფიქსირებს, რომ ის არ არის ერთ-ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე; თურქეთის პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამბობენ, რომ თურქეთში ამერიკის ელჩი ცდილობს, რევოლუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება და ომისკენ ექაჩება თურქეთს.

მოდით ასე ვთქვათ - თუკი ჩვენ ვართ სუბიექტურები, ან ვუშვებთ შეცდომებს, ან სხვა მიზნები გვაქვს, მაშინ რა ხდება თურქეთში, რა ხდება ევროპულ ქვეყნებში? ისინიც ხომ გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ დემოკრატია არის საფრთხის ქვეშ. მე მახსოვს არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ პოლონეთის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებიც. ამდენად, ერთი მიზანი საქართველოს მიღწეული აქვს (მაგრამ რისკები მაინც არსებობს), რომ ქვეყანა არ გაეხვეს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში. მეორე მიზანია ის, რომ ევროკავშირში მივიღოთ ღირსეული სტატუსი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო