შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როცა აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის მზაობა გამოაცხადა - ამ ნაბიჯმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ის პოლიტიკოსები, რომლებიც მთავრობას ადანაშაულებდნენ მისთვის ზიანის მიყენებაში

საქართველოს მთავრობამ ისე იმოქმედა, როგორც უნდა ემოქმედა: შესაბამისმა უწყებებმა არაერთხელ დაარწმუნეს საზოგადოება და უცხოელი პოლიტიკოსები, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობები მის საჭიროებებს პასუხობდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ გავრცელებული ცრუ ბრალდებები მთავრობამ დროულად მოიგერია.

მისი თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის შესახებ.

„მთავრობამ დროულად მოიგერია ყველა ბრალდება. წარდგენილ იქნა მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის, ასევე, თვითდაზიანების მუდმივი მცდელობების შესახებ, რომლებსაც სააკაშვილი ხელისუფლების მიერ მისთვის ზიანის მიყენებად ასაღებდა. თუმცა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, არასათანადო მოპყრობის შესახებ აღქმა კვლავ არსებობდა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. მოგვიანებით, სიმართლეს თანდათან ფარდა აეხადა. პირველი დიდი გამომჟღავნება ამერიკაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) წყალობით მოხდა, როდესაც იურიდიულ კომპანია „აკერმანსა“ და საზოგადოებასთან ურთიერთობების კომპანიასთან სააკაშვილის ოჯახის მიერ დადებული კონტრაქტები გამოქვეყნდა. ისინი, სააკაშვილის სახელით, მთელ მსოფლიოში მის გათავისუფლებას ლობირებდნენ. ამ საქმისთვის გადახდილი თანხა კოლოსალური იყო ქართული პოლიტიკისთვის - თითქმის მილიონ-ნახევარი აშშ დოლარი. ამ კონტრაქტებმა გამოააშკარავა კანონიერი დაკავებიდან სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებული ლობიზმის მასშტაბი და კოორდინაციის მცდელობები“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ.

„სულ ახლახან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა მის საზღვარგარეთ (ან სხვა დაწესებულებაში) სამედიცინო მკურნალობისთვის გადაყვანის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ. მან ქვეყნის შიგნით გააჩუმა ბევრი რადიკალური ხმა და შეამცირა სააკაშვილის არასათანადო მოპყრობის შესახებ არასწორი აღქმები. ბოლოს კი, სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როდესაც მოულოდნელად აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის მზაობა გამოაცხადა და რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საქართველოს კანონიერი მთავრობის მოშორებისთვის „ერთიანობისკენ“ მოუწოდა. რასაკვირველია, ამ საბოლოო ნაბიჯმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ის პოლიტიკოსები, საქართველოს შიგნითა და გარეთ, რომლებიც განგაშის ზარს რეკდნენ მთავრობის მიერ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ან, კიდევ უარესი, ადანაშაულებდნენ მთავრობას სააკაშვილისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებაში“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო