ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი პუნქტებიდან ამოღებულ იქნას - შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ ამოიღებენ და იმ შემთხვევაშიც, თუ არ ამოიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების დეკემბრამდე გადადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება დეკემბერში ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიციას დაელოდება.
„ჩვენ მომავალ კვირაში გვქონდა ამ კანონპროექტის [დეოლიგარქიზაციის შესახებ] მესამე მოსმენით მიღება დაგეგმილი, თუმცა პრემიერს ჰქონდა შეხვედრა როგორც შარლ მიშელთან, ასევე ევროკომისარ ვარ ჰეისთან. იქ გაჟღერდა თხოვნა არმიღებაზე. შესაბამისად, მომავალ კვირას მესამე მოსმენით აღარ მივიღებთ ამ კანონს, ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების თხოვნას. დაველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი პუნქტებიდან ამოღებულ იქნას. თუ ამოიღებენ, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პუნქტები, რომლებიც კანონმდებლობაში ცვლილებას უკავშირდება, ხელისუფლებამ სათანადოდ უკვე შეასრულა.
„ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ. არის პუნქტები, რომლებიც კანონმდებლობაში ცვლილებას უკავშირდება და ჩვენი მხრიდან ყველა ეს პუნქტი სათანადოდაა შესრულებული. რაც შეეხება ისეთ პუნქტებს, რომლებიც კანონების მიღებას არ უკავშირდება, ჩვენზე არაა დამოკიდებული, მათ შორის დეპოლარიზაცია - ეს მხოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება. აქედან გამომდინარე, ამაზე შესაბამისი შეფასებები იქნება. მაგრამ, რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ყველა პუნქტი პირნათლად შესრულდა. თუ სადმე კითხვები იქნება, მზად ვართ ვუპასუხოთ, ასევე მზად ვართ დისკუსიისთვის, თუ დამატებითი დახვეწის ინტერესი იქნება. იმედი გვაქვს, ჩვენი მიღწევები სათანადოდ შეფასდება“, - განაცხადა კობახიძემ.