რუსეთი თავად ამხელს მასთან კოლაბორაციონისტ მთავრობას - დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები აშშ-ის დიდი ხნის წინ ჰქონდა და ამან განაპირობა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაც საქართველოზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერალური საბაჟოს სამსახურის უფროსის განცხადებას, რომ "ზემო ლარსზე, ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაუწესეს რუსეთს."
ბოკუჩავას თქმით, რუსეთი თავად ამხელს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი მონაწილეობით და ხელშეწყობით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიას იყენებს სანქციებისთვის თავის არიდების დერეფნად, ხოლო საქართველო ასეთი მოქმედებების გამო შესაძლოა, თავად გახდეს სანქციების სამიზნე.
"რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის უფროსის ოფიციალური განცხადება, რომ რუსეთმა მოახერხა დასავლეთის ბლოკადის გარღვევა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გამოყენებით, არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით და ხელშეწყობით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიას იყენებს სანქციებისთვის თავის არიდების დერეფნად. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება რუსეთის ფედერალური საბაჟოს უფროსის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ გაზრდილია ტვირთბრუნვა ამ კონკრეტული გამშვები პუნქტის გამოყენებით და საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება დასავლეთის მხრიდან დაკისრებული სანქციების თავის არიდების კორიდორად. ეს არის ის, რაზეც საუბრობდნენ დასავლელი პარტნიორები და გახსოვთ, ღიად ისაუბრა ამაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ამას ამბობს რუსეთი, რადგან ამხელს საქართველოს პრორუსულ მთავრობას. ეს არის კლასიკური რუსული მოქმედების და პოლიტიკის სტილი, მათ შორის გახსოვთ, როგორ ამხილა პუტინმა დღევანდელი რეჟიმი ფარული მოლაპარაკებების წარმოებაში, სადაც ქართული მხარე ითხოვდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ახლა ვხედავთ, რომ მორიგ განცხადებას აკეთებს ფედერალური საბაჟოს უფროსი. მათ შორის, გახსოვთ, როგორ ამხილა კარასინმა ქართული მხარე, როცა ქართული მხარე იუწყებოდა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში სავაჭრო საკითხები განიხილებოდა მხოლოდ, რომ რეალურად იქ ხდებოდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიც არის ოკუპაცია. ეს არის კლასიკური რუსული სტილი, როცა რუსეთი თავად ამხელს მასთან კოლაბორაციონისტ მთავრობას. ასე მოხდა ფარული მოლაპარაკებების დროს საჰაერო მიმოსვლაზე, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მართული მოლაპარაკებებისას კარასინი-აბაშიძის ფორმატში და ასე ხდება ახლა. "ოცნებისთვის" ძალიან არაკომფორტულია ამგვარი მხილება, მაგრამ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ როცა კოლაბორაციონისტულ ურთიერთობაში შედიან დამპყრობელ, ოკუპანტ ქვეყანასთან, ის შენი მხრიდან ქვეყნის ღალატს არასდროს დამალავს, თავად გამხელს პრორუსულ ნაბიჯებში. დარწმუნებული ვარ, ეს მტკიცებულებები, რომელზეც ახლა უკვე ღიად საუბრობს რუსეთის საბაჟოს სამსახურის უფროსი, აშშ-ის დიდი ხნის წინ ჰქონდა და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ღიად ისაუბრა საქართველოს მხრიდან რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების პრობლემაზე 4 სხვა ქვეყანასთან ერთად. ნაცვლად იმისა, დასავლეთთან ერთად ვქმნიდეთ რუსეთის იზოლაციის არქიტექტურას, ვხედავთ, რომ საქართველო ხდება ერთ- ერთი მთავარი დერეფანი რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავიდან ასარიდებლად. ეს არის უკიდურესად დიდი პრობლემა დასავლელი პარტნიორებისთვის, ვისთვისაც სანქციების არქიტექტურა არის მთავარი ინსტრუმენტი აგრესორი რუსეთის და ტერორისტი პუტინის შესაკავებლად და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მოქმედებების გამო შესაძლოა, საქართველო გახდეს სანქციების სამიზნე," - განაცხადა ბოკუჩავამ.