საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავენ.
კინემატოგრაფები წერილში კულტურის მინისტრს პირისპირ შეხვედრას სთხოვენ და მას ვადას 27 ივნისს 18:00 საათამდე აძლევენ.
კინემატოგრაფისტები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას, კინოცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ.
„ის წერილი, რომელიც ჩვენ კინოცენტრში ჩავაბარეთ, ამაზე კულტურის სამინისტრომ ცილისმწამებლურად და შეურაცხმყოფელად გვიპასუხა. ახლა გადავწყვიტეთ, რომ კულტურის სამინისტროსთვის მიგვემართა. რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. აუცილებლად უნდა შეწყდეს გაუგებარი რეორგანიზაციის პროცესი, დირექტორის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს და დანიშვნის შემუშავების პროცესში, ჩვენი საპროტესტო ტალღის წარმომადგენლები აქტიურად ჩართულები უნდა იყვნენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ინფორმაციისთვის, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. ამ ფაქტის გამო 10 დღეზე მეტია სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფები კობა ხუბუნაიას დანიშვნას და მის მიერ ცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას აპროტესტებენ.