ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია, რაც ხასიათდება შემცირების ტენდენციებით - გვაქვს იმედი, რომ საშუალო ვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საბჭომ მხარი დამიჭირა. მე შევასრულებ ამ მოვალეობას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის პირობებში, კანონის თანახმად, ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი მისიაა იზრუნოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და ასევე სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას

„ჩემთვის დიდი პატივია, გავხდე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამ მდიდარი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, სადაც გამოცდილი, პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, ვისთანაც ჩვენ ვითანამშრომლებთ ძალიან ბევრ ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე.

მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია, მთავარი მისია არის იზრუნოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და ასევე იზრუნოს სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე. ამ მიმართულებებით ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ სერიოზული მიღწევები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საფინანსო სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე იდგა, იყოს ეს პანდემია, შემდეგ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი. ჩვენმა საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და, რა თქმა უნდა, მთავრობის ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორმა, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს. ფრთხილმა, მკაცრმა პოლიტიკამ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მკაცრი მონეტარული გზით დაუპირისპირდა გლობალურ გამოწვევას, როგორიც არის ინფლაცია ამ კუთხით, საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს.

იცით, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია, ხასიათდება შემცირების ტენდენციებით. გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს. ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუცია ზუსტად ასე გააგრძელებს საქმიანობას. გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას“,- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის საბანკო დაწესებულებასთან.

„ეს იქნება რეფორმები, რომელიც მათი დახმარებით ტარდება, მათ შორის, ევროს ერთიანი გადახდის არეალზე მიერთება, რომელიც ეროვნული ბაკის მიერ იყო დაინიცირებული და რასაკვირველია, გავაგრძელებთ, ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რაც შემოღებული იყო აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის აგრესიის პირველივე დღიდან. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ჩვენი საბანკო სისტემა იცავს ამ შეზღუდვებს, ეროვნული ბანკი ყოველთვის ახორციელებდა მონიტორინგს და ჩვენ ამ კუთხით ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძლიერი, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება რეფორმების გაგრძელება, ეს არის ახალი ტექნოლოგიები, ციფრული ტექნოლოგიების შემოღება, ახალი საბანკო პროდუქტების შექმნა და ამ კუთხით ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება“,- განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა სებ-ის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩა.

საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია განისაზღვრა. სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.

ნათია თურნავა ახალ თანამდებობას 2023 წლის 22 ივნისიდან დაიკავებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა