გელა გელაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გელა გელაძის ხელმძღვანელობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის საბჭოს რიგით მე-4 სხდომა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა იმპლემენტაციის პროცესის თითოეული ეტაპი დეტალურად განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გელა გელაძემ შეხვედრისას აღნიშნა, სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა ეტაპი გეგმის მიხედვით ხორციელდება.

სამინისტროს ცნობით, საბჭოს სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, ევროკომისიის ინკლუზიური საზოგადოების ჯგუფის ლიდერმა კრისტოფ მასსონმა და ოფიცერმა განათლებისა და კულტურის სფეროში კორინ დელეუმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერმა ნინო სამველიძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დირექტორმა ეკატერინე დგებუაძემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის საერთაშორისო დირექტორმა კრისტიან შმელცმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს. სკოლის კომპლექსის დიზაინი, თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი, საქართველოში სკოლების თანამედროვე დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ევროპული სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო ერთად, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში გაატარონ.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის სწავლებაზე, ენების შესწავლასა და მულტიკულტურულ განათლებაზე დაფუძნებულ ორ საგანმანათლებლო პროგრამას – ეროვნულ სადიპლომო პროგრამასა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ინგლისურენოვან სადიპლომო პროგრამას – შესთავაზებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ შეთანხმებული „20 შედეგი 2020 წლისთვის" ერთ-ერთი მიზანია. პროექტს ახორციელებს გაეროს პროექტების მართვის ოფისი (UNOPS), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სკოლის კომპლექსის აშენებას და აღჭურვას, მასწავლებლების გადამზადებას სასწავლო აკადემიის მეშვეობით და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო კურიკულუმის განვითარებას. სკოლა აგრეთვე შესთავაზებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის