ნათია თურნავა - ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეროვნული ბანკი კვლავინდებურად დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციაა - ბევრი ძალისხმევა დაჭირდა მის დეპოლიტიზაციას და მონაპოვარს არ დავთმობთ

ჩვენ დავამტკიცებთ ამას, რომ ეროვნული ბანკი კვლავინდებურად დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციაა,- ამის შესახებ სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნათია თურნავა განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია.

"ეროვნული ბანკის მთავარი პოლიტიკა არის და იქნება მონეტარული პოლიტიკა. ჩვენი მთავარი ორიენტირი და ჩარჩო, რითიც ვიხელმძღვანელებთ, ეს არის კონსტიტუცია, კანონი, ჩვენი რეგულაციები. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ფინანსური სტაბილურობა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. ეს პოლიტიკა პირველ რიგში ემსახურება ხალხს და რასაკვირველია ამ მანდატის ფარგლებში შევინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლობას.

ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური აჟიოტაჟია ატეხილი. მე წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, რომელიც გახლავთ აპოლიტიკური სტრუქტურა, მე თავს შევიკავებ რაიმე პოლიტიკური განცხადებებისგან, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელიც ნამდვილად არ არის ჯანსაღი, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად და ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლის მაგალითად. ამის უფლებას ჩვენ არავის მივცემთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ დავამტკიცებთ ამას, თუკი ვინმეს ჭირდება ამის დამტკიცება, რომ ეროვნული ბანკი კვლავინდებურად დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციაა. ეროვნული ბანკი არის სრულად დეპოლიტიზირებული, ბევრი ძალისხმევა დაჭირდა მის დეპოლიტიზაციას და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა სებ-ის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩა.

საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია განისაზღვრა. სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.

ნათია თურნავა ახალ თანამდებობას 2023 წლის 22 ივნისიდან დაიკავებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო