საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
უწყების ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ანტიკორუფციული სამმართველოსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ პროცესში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვანია. მათივე ცნობით, ასევე, მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნული კატეგორიის საქმეთა გამოძიების პროცესში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.