საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: მომხმარებლის უფლებების დაცვა - გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა გახსნეს - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, მინდი ბოიკოვამ; პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა; TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ.
მათივე განმარტებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სემინარის მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგების და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი ქართული რეალობისთვის სიახლეა და მიზნად ისახავს მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაძლიერებას. სტატისტიკა მოწმობს, რომ მომართვიანობა მზარდია. კერძოდ, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისის ჩათვლით, სააგენტოში 300-მდე განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 149 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაწყებულია. განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 27% ნივთის ადგილზე შეძენას. მომხმარებლის სასარგებლოდ, 80 საქმეზე - 44 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმებულია, რისი შესრულების ნაწილსაც აქტიურად ვაკვირდებით.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მომზადებულია სტრატეგიის პირველადი სამუშაო ვერსია. ასევე, დამუშავებულია და მესამე მოსმენით მიღებულია ცვლილებები კანონში. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია - ევროპელ კოლეგებთან და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკაზე და მიდგომებზე ვიმსჯელოთ, რომელიც ქართველი მომხმარებლისათვის აღსრულების პროცესს მეტად ეფექტურს გახდის“, - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
სააგენტოს ცნობითვე, მოსამართლეებისათვის გამართულ სემინარს უძღვებოდნენ: ვილნიუსის რეგიონული სასამართლოს მოსამართლე, იევა ნავიცკაიტე-საკალაუსკიენე; ლიეტუვის იუსტიციის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ალგის ბალეჟენტისი და მომხმარებლის უფლებების დაცვის უწყების უფროსი მრჩეველი, ვიტა შარმავიჩიენე.
შეხვედრას მოქმედი მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, დარგის ექსპერტები, საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიმოიხილეს - მომხმარებლის უფლებების მიმართულებით მიღებული შედეგები, გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკა. მათ შორის, მომხმარებლის უფლებების დაცვა ონლაინ სექტორში: ძირითადი მახასიათებლები და სპეციფიკა; კანონისმიერი და კომერციული გარანტია: განსხვავება და ძირითადი პრობლემური საკითხები; არასამართლიანი სამომხმარებლო ხელშეკრულებები: რეგულაციები და პრაქტიკა.