ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ პანკისის ხეობას, სოფელ დუისს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სოფელში არსებულ სკოლას უახლესი ლიტერატურა და კომპიუტერი გადასცეს. როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, ეს ვიზიტი იქაური ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სკოლის შენობა ამჟამად არ ფუნქციონირებს, ამორტიზებულია, სკოლა კი ბრიტანელი ჟურნალისტის, როდი სკოტის ფონდმა შეიკედლა.
„პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩავედით და იქაურ ახალგაზრდებს ახალი წიგნები გადავეცით. კომპანია solutivo-ს დახმარებით ადგილობრივებს კომპიუტერიც ჩავუტანეთ“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ.