ბადრი ესებუა აცხადებს, რომ ბანკის ძარცვის დღეს მეზობელს, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, სასაფლაოზე გაჰყვა, მერე კი მთელი დღე სახლში იყო

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას განცხადებით, ბანკის ძარცვის დღეს სოფლიდან არ გასულა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ის რამდენიმე საათით მეზობელს სასაფლაოზე გაჰყვა.

როგორც ესებუამ სასამართლოს ჩვენების მიცემისას განუცხადა, პირი, რომელსაც ის სასაფლაოზე გაჰყვა დღეს ცოცხალი აღარ არის.

„21 ოქტომბერს ქალაქში ვაპირებდი გასვლას, ჩავიცვი ტანსაცმელი, გავედი სახლიდან, გაჩერებაზე ველოდებოდი სამარშრუტო ტაქსს , რომელმაც არ გამოიარა. გავიდა ნახევარ საათზე მეტი. ამ დროს მეზობელმა გამოიარა, სასაფლაოზე აპირებდა წასვლას, მას ვისაუბრე, არც არაფერი გამოჩნდა წამსვლელი ქალაქისკენ და ჩემს მეზობელს გავყევი სასაფლაოზე. იქ დაახლოებით, 2 საათი ვიყავით. ამის მერე ორივე დავბრუნდით და მთელი დღე სახლში გავატარე”, - განაცხადა ბადრი ესებუამ. ბრალდების მხარე დაინტერესდა, ვინ იყო ის მეზობელი, რომელსაც ესებუა ბანკის ძარცვის დღეს სასაფლაოზე გაჰყვა. თუმცა, როგორც ესებუამ აღნიშნა, მეზობელი, რომელსაც ამის დამტკიცება შეეძლო, გარდაცვლილია.

„სიმართლე რომ გითხრათ, ის ადამიანი ახლა ცოცხალი არ არის. სასაცილოა ის, რომ ადამიანი ახლა ცოცხალი არ არის?! იმავე წლის დეკემბერში გარდაიცვალა”, - განაცხადა ესებუამ.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო