კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, თეა წულუკიანი კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელს დღეს შეხვდება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელს შეხვდება.

კინემატოგრაფების თქმით, მათთვის შეხვედრის მონაწილეების ზოგიერთი მათგანის პოზიცია კინოცენტრის შესახებ უცნობია.

მათივე თქმით, შეხვედრა გაუმჭვირვალედ დაიგეგმა და მათ ამის შესახებ სამინისტროსგან ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ.

როგორც კინოცენტრის თანამშრომლებმა კულტურის სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას და კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ.

ამასთან, კინემატოგრაფებს 50-კაციან ჯგუფში კინოცენტრის საკითხზე საქმიანი განხილვა შეუძლებლად მიაჩნიათ.

„მას შემდეგ, რაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, ჩვენი ორი კონკრეტული მოთხოვნის ადრესატად თავი მოინიშნა კულტურის სამინისტრომ. ეს მოთხოვნებია: შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი, შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი. იმის საჩვენებლად, რომ პროტესტის პარალელურად ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, გუშინ, 22 ივნისს ოფიციალური წერილი შევიტანეთ კულტურის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. ამ შეხვედრის მიზანი მხოლოდ ჩვენი კონკრეტული მოთხოვნების განხილვა უნდა იყოს. ჩვენი ინფორმაციით, დღეს მინისტრთან კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელთან შეხვედრა დაგეგმილია. თუმცა, ეს შეხვედრა დაიგეგმა გაუმჭვირვალედ და ჩვენ ამის შესახებ უშუალოდ სამინისტროსგან ოფიციალური ცნობა არ მიგვიღია. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა კინოს სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა სწორედ ჩვენი პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა. ამონარიდი კულტურის სამინისტროს 20 ივნისის განცხადებიდან: „ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას“, - ეს სამინისტროს სიტყვებია და ხაზგასასმელია, რომ დღეს გასამართი შეხვედრა სწორედ ამ მეთოდით, კულუარულად დაიგეგმა. ჩვენი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე 50-დან მხოლოდ სულ რამდენიმეა ისეთი კინემატოგრაფისტი, რომლებმაც საჯაროდ გამოხატეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად დასახელებული ორი კონკრეტული მოთხოვნა უნდა შესრულდეს. მინისტრთან შეხვედრის დანარჩენი მონაწილეების საჯარო პოზიცია ამ დრომდე უცნობია. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ კულტურის მინისტრის მიზანია კინოს სფეროს განვითარება და წარმატება, ამ წარმატებამდე მისასვლელი გზა სწორედ ამ მოთხოვნების შესრულებაზე გადის. სწორედ, ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ უნდა დაიწყოს კინოს განვითარების სტრატეგიასა და რეორგანიზაციაზე ფიქრი. შეხვედრაც ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა ზოგად საკითხებს. გარდა ამისა, შეუძლებლად მიგვაჩნია 50-კაციან ჯგუფში კინოცენტრის საკითხზე საქმიანი განხილვა მოხერხდეს. შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას კინოს სფეროს 500-მდე წარმომადგენელი და 300-მდე სტუდენტი აწერს ხელს, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, დღეს გასამართი შეხვედრა ვერ ჩაითვლება დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ნაწილად, რომლითაც მინისტრი თავის განცხადებაში თავს იწონებს. მიუხედავად თეა წულუკიანის მხრიდან ცილისწამებისა და შეურაცხყოფისა, ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული, რადგან ჩვენთვის მთავარია შედეგი და მოვუწოდებთ მინისტრს, ორკვირიანი პროტესტის შემდეგ, 27 ივნისამდე, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, შეგვხვდეს ჩვენი კონკრეტული მოთხოვნების განსახილველად. ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, არ დავიღლებით, არ დავთმობთ ჩვენსავე შემოქმედებით თავისუფლებას, მომავალი ხელოვანების თავისუფლებას და ამ ბრძოლას ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, - აცხადებენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით