საქართველოს კულტურის სამინისტროსთან კინოცენტრის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: პირველი, შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და მეორე, შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.
„ხდება ფორსირებული წესით რეორგანიზაცია და ბოლო წელია ჩარევა ხდება კონტენტში, როგორი ხასიათის უნდა იყოს ფილმი, რა შინაარსი უნდა ჩაიდოს და ა.შ. ეს არის ცენზურის მცდელობა. კინოცენტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე.
გვინდა, რომ დირექტორის არჩევის წესი შემუშავდეს, დანიშვნები და კულუარული დინებები და უეცარი რეორგანიზაცია შეწყდეს. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სექტორის მოთხოვნებზე დამყარებული", - განაცხადა კინორეჟისორმა, ქეთი მაჭავარიანმა.
ამასთან, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელს შეხვდება.