თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ყინვა და პატარა მოწაფე“ ჩვენება გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათი ცნობით, გიორგი ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა.
„დღეს თბილისის საკრებულოში ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ყინვა და პატარა მოწაფე“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი შექმნილია ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით.
დღეს, თითქოს, ჩვენც გავხდით მარადიული ღირებულებებით, სიკეთითა და ოპტიმიზმით აღსავსე ფილმის მონაწილენი, რომელიც მომავალი თაობისთვის აუცილებლად გახდება სამოტივაციო მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებები კი კიდევ უფრო გვაძლიერებს!
მადლობა რეჟისორ გიორგი ოვაშვილს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს უამრავი დადებითი ემოციისა და ბედნიერი წუთებისთვის’’,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს ინფორმაციით, ჩვენებაზე სიტყვით მსახიობი ელდინო საღარაძე, პედიატრი თემურ მიქელაძე და „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე გამოვიდნენ.
მათივე განმარტებით, „ყინვა და პატარა მოწაფე“ კომპანია „ვაგონეტი ფილმის“ ახალი ნაწარმოებია, რომლის საპრემიერო ჩვენება 4 ივნისს კინოთეატრ „ამირანში“ შედგა.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, ,,ყინვა და პატარა მოწაფე“ იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელშიც ქართველი, ყირგიზი, ყაზახი და უკრაინელი რეჟისორების ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაერთიანდა.
„პროექტის იდეის ავტორი ცნობილი ყირგიზი პროდიუსერი და მეცენატი ტოლონდუ ტოიჩუბაევია, რომლის საქმიანობაც საგანმანათლებლო რეფორმებისკენაა მიმართული.
ფილმი რამდენიმე ქვეყნის, კერძოდ, საქართველოს, გერმანიის, ისრაელის, ირანის, თურქეთისა და ყირგიზეთის კინემატოგრაფისტების თანამშრომლობის შედეგია და მისი შექმნის იდეა ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების ლექსიდან დაიბადა.
ფილმში რეჟისორის მიერ საგანგებოდ შორეულ სოფლებში შერჩეული არაპროფესიონალები - ალექსი გობაძე და მანანა ბეცეცაშვილი, ასევე მსახიობები ელდინო საღარაძე, ქიშვარდ მანველიშვილი და ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე მონაწილეობენ.
ფილმზე ცნობილმა ირანელმა ოპერატორმა ტურაჯ ასლანმა იმუშავა. წარმოების დიზაინერი ნინო ჩაკვეტაძეა, რომლის ნახატები ფილმშიცაა გამოყენებული, კომპოზიტორი კი როი შვარცი გახლავთ (ისრაელი), კოსტიუმების დიზაინერია ხათუნა მაისურაძე, მონტაჟი მარტინ მენზელმა (გერმანია) და არტურ ამამჩიანმა (საქართველო) განახორციელეს, ხმის მიქსი კი ჩენკერ კოკტენს (თურქეთი) ეკუთვნის.
ფილმის ჩვენებამდე თბილისის საკრებულოში მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.