საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გეოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ შესაცვლელია კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც რიკოთის გზაზე მუშაობენ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ყველაზე დიდი პრობლემა არის მშენებლობის ხარისხი და მისი გაკონტროლება.
„უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი არის კარგი. იტალიელების პროექტია. ერთ-ერთი დიდი მიზეზი მთელი უბედურების, რომელიც საქართველოში ტრიალებს, არის მანკიერი კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, სადაც ყურადღება ექცევა ფასს და ტენდერში მონაწილეობას იღებს არა ხარისხიანი შემსრულებელი, არამედ იაფი სამუშაოების შემომთავაზებელი კომპანია. ხარისხი და დაბალი ფასი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის.
წინასწარი გეოლოგიური კვლევები ჩატარებულია, მაგრამ სხვა საქმეა მე მაკმაყოფილებს თუ არა მათი სიზუსტე, მაგრამ მშენებელმა, როცა აშენებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი კვლევა უნდა ჩაატაროს. ბურღვით სამუშაოებს ჩინური კომპანიები როგორ ატარებენ, მე არ მჯერა.
ყველაზე დიდი პრობლემა არის მშენებლობის ხარისხი და მისი გაკონტროლება. ჩემი აზრით, კონტროლი სათანადო დონეზე არ არის მოგვარებული და ამ კონტროლისთვის კვალიფიკაციაც ნაკლებად არის. ადამიანების სიცოცხლე რომ შევინარჩუნოთ, ის, რომ ამ გზაზე რაღაც ტრაგედიები დატრიალდება ეჭვგარეშეა, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალია, კონტრაქტორი კომპანიები სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ. მე ამ განცხადებაზე სრულ პასუხს ვაგებ“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.
მისივე შეფასებით, შესაძლოა, 2024 წელს პროექტი ჩაბარდეს, მაგრამ მალევე დაიკეტოს ხელახალი სარემონტო სამუშაოების გამო.
„ქართულ პროექტებს ქართველები უნდა ასრულებდნენ, რომელთაც ამაზე გული შესტკივათ და არა ის კონტრაქტორები, რომლებიც ხვალ წავლენ და აქ ხალხი დაიღუპება თუ არა აბსოლუტურად არ აინტერესებთ.
მე არ ვიცი შესრულებულია თუ არა მშენებლობის ყველა ნორმა. არის თუ არა ბეტონი იმ ხარისხის, რომლითაც უნდა იყოს. მშენებლობის დროს რამდენჯერმე ჩაინგრა გვირაბი, რატომ ჩაინგრა? დაბალი ხარისხის ბეტონის გამო.
კიდევ კარგი, რომ ეს მოხდა მაშინ, როდესაც გზა არ არის ბოლომდე აშენებული. დიდი შიში მაქვს, რომ ამ გზას 2024 წელს, დიდი ზარ-ზეიმით ჩააბარებენ და მერე დაკეტავენ რემონტზე“,- განაცხადა თვალჭრელიძემ.
კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი პროექტზე, ის ასე პასუხობს: „პასუხისმგებელი ყოველთვის არის ხელისუფლება“.
„ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს ამ გზის ჩაბარებაზე, დებს კონტრაქტს შემსრულებელთან და აკონტროლებს მას“, - აღნიშნა თვალჭრელიძემ.