ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 40 წლის არქიმანდრიტი სასამართლომ 1 500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 40 წლის არქიმანდრიტი ნერსე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ნარკოდანაშაულში ბრალდებული სასულიერო პირი სასამართლომ 1 500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თუ რა პოზიცია ჰქონდათ მხარეებს, ეს უცნობია, ვინაიდან ბრალის წარდგენისა და სხდომის გამართვის შესახებ მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა.

რაც შეეხება თავად სასულიერო პირს, მის ტაძარში „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ არქიმანდრიტის დაკავება მათთვის შოკისმომგვრელი იყო. მონაზონი მართა, რომელიც წლებია, აღნიშნულ ბერთან ერთად ტაძარში მსახურობს, მიიჩნევს, რომ „რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი“.

„თავი არაფრით გაუმართლებია, ეს მის სიმართლეზე მიანიშნებს. როცა თავს იმართლებ, მაშინ ხარ დამნაშავე, მე ასე ვფიქრობ. მამა ნერსეს ჩვენთან თავის გამართლება არ სჭირდება, მას ყველა ვიცნობთ. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო მისი დაკავება, ჟურნალისტებისგან გავიგე, ვერც წარმოვიდგენდი. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი მამა ნერსეს დამსახურებაა, მუხლის ჩოქებით ასუფთავებდა და აკეთებდა ყველაფერს. 12 წელია, რაც ამ ტაძარში მსახურობს, პატარა იყო, როცა აქ მოვიდა, მაშინ ტაძარი შენდებოდა, არც ეს კელიები იყო. მამა ნერსე ისეთი გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული ადამიანია... რაღაც გაუგებრობაა, მთელი მრევლი ტირის და ვტირით, ჩემთვის მოძღვარი, შვილზე მეტია. მე როგორც შვილგარდაცვლილ დედას თანამიგრძნობდა, მან გამაცოცხლა, ასეთი ადამიანი უფალმა გამომიგზავნა. რაც არ უნდა გალანძღონ, რაც არ უნდა ლაქა მიაცხონ, ის, როგორც პატარა ბავშვი, ისეთია, თავისი გულწრფელი გულით. მამა ნერსეს მიმართ რა ინტერესი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი, მამაო, ჩემი უფალი თქვენს გულშია-მეთქი, ვეუბნებოდი. ძალიან მტკივა გული, ვტირი, მრევლი და მთელი უბანი განიცდის. დაკავების შემდეგ, საპატრიარქოში დარეკა და უარი თქვა, აქედან წავიდა. ძალიან გული მტკივა, ასე არ უნდა მომხდარიყო. მის უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მონაზონმა.

ცნობისთვის, ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან გადაგზავნას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა