ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი - პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმეზე ამომწურავი და სრულყოფილი პასუხები არ ყოფილიყო გაცემული

პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმეზე ამომწურავი და სრულყოფილი პასუხები არ ყოფილიყო გაცემული, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, "გრინსერვის პლუსის" დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

ის ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ის საკუთარ სიტყვაში დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

"პროკურორმა ყველა თავისი დასკვნა დააფუძნა არა მტკიცებულებებზე, არამედ ფორმალურად მიუთითა კონკრეტული მტკიცებულების შესახებ და განავრცო თავისი სუბიექტური შეფასებები. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმეზე ამომწურავი და სრულყოფილი პასუხები არ ყოფილიყო გაცემული.

ჩვენ მიერ ყურადღება გამახვილდება იმ მტკიცებულებზე, რომელიც დაცვის მხარემ წარვადგინეთ და იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელსაც ამ მტკიცებულებებით ვამტკიცებთ და რომელიც პროკურორმა

უდაოდ გაგვიხადა. ეს გახლავთ ექსპერტიზის ტექნიკური დასკვნები, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ

პროექტსა და შესრულებას შორის არანაირი წინააღმდეგობა, არანაირი შეუსაბამობა არ არის, რაც შეიძლებოდა ტრაგედიის მიზეზი გამხდარიყო. ასევე, მთავარი განვითარება, თითქოს, 12 სექტემბერს, ელექტროსადენი ცხაურის ქვეშ მოყვა და დაზიანდა, არათუ დასტურდება, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულებით გამოირიცხა",- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. საკუთარი დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე პროკურატურამ წარმოთქვა, დღევანდელ პროცესზე კი, დასკვნით სიტყვას ადვოკატები იტყვიან.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს