დაცვის მხარის პოზიცია, რაც სასამართლოზე ჟღერდებოდა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
"გასულ სხდომაზე ჩვენი დასკვნითი სიტყვა წარმოვთქვით, საქმეში არსებული მტკიცებულებები დეტალურად მიმოვიხილეთ. საუბარია, როგორც მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ექსპერტიზის დასკვნებზე, ამოღებულ დოკუმენტაციაზე, რაშიც იგულისხმება როგორც სატენდერო მასალები, ასევე ხელშეკრულებები და მათი შინაარსი. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებულია და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საფუძველს იძლევა, რომ საქმეზე გამოტანილი იყოს გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, მათი პოზიციები, რაც სასამართლოზე ჟღერდებოდა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან, არ გამომდინარეობს არც ერთი არგუმენტირებული მტკიცებულებიდან, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია, რასაც დასკვნით სიტყვაში წარმოთქვამს, სასამართლოს მხრიდან გაზიარებული არ იქნება", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).