შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლია გიგაურის ხელმძღვანელობით გაიმართა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებული საკონსულტაციო თემატური ჯგუფების შეხვედრები თემებზე - „ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერება“ და „სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია“.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავს სტრატეგიის პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, რომელიც კომპეტენციის შესაბამისად პასუხისმგებელია სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციაზე, ლია გიგაურმა მიმოიხილა სტრატეგიული პრიორიტეტების ფარგლებში სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების განხორციელების დინამიკა და ისაუბრა დაგეგმილ ღონისძიებებზე.
საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამთავრობო კომისიის წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და მიღწეული შედეგების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
მონაწილე არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა და სფეროს ექსპერტებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობების ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების აქტუალურ საკითხებზე, წარმოადგინეს რეკომენდაციები, ასევე, შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების ხედვები.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს 6 საკონსულტაციო თემატური სამუშაო ჯგუფი: ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერება, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია, მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა, განათლება და სახელმწიფო ენა, ინტერკულტურული დიალოგის წახალისება.
საკონსულტაციო თემატური სამუშაო ჯგუფები წარმოადგენს პლატფორმას კონკრეტული თემატური მიმართულებებით განხილვებისა და ინტერაქციის, რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის და მიზნად ისახავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2021-2030 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.