საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებს, გამოცხადებული ნდობისთვის და ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის, მადლობა გადაუხადა. ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, საერთაშორისო კავშირების განვითარება, ადვოკატთა პროფესიის გამყარებას, განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოვებას შეუწყობს ხელს. მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებასა და ჩვენს მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას წარმოადგენს, რაც ძალზედ სასიხარულოა.
„აღსანიშნავია პროფესია ადვოკატის როლი მედიაციის დანერგვა განვითარებაში, ზოგადად და კონკრეტულად საქართველოში, რასაც დამატებით შეუწყობს ხელს აღნიშნული სიახლე”, - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას.