ირაკლი ქადაგიშვილი - როცა პრეზიდენტი კონფრონტაციულ პოზიციაზე დგას, იქ თანამშრომლობის ნებაყოფლობითი არხები იბინდება

როცა პრეზიდენტი კონფრონტაციულ პოზიციაზე დგას, იქ თანამშრომლობის ნებაყოფლობითი არხები იბინდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერცერთი უწყებისგან ვერ მიიღო და საჭიროა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იქნას მოწვეული.

ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ გადამზღვევი საომარი მოქმედებების დროს".

"პრეზიდენტი არ არის უშიშროების საბჭოს წევრი. პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ გადამზღვევი იმ შემთხვევაში, რომ საომარი მოქმედებების დროს, გადაწყვეტილების მიღებისას იყოს გადაზღვევა. ეგრე ინგლისის დედოფალიც არის, უფრო სწორად დღეს უკვე მეფე ინგლისის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მხედართმთავარი და პირობითად ინგლისის სამხედრო ძალებს ჰქვია მისი უდიდებულესობის სამხედრო ძალები, მაგრამ მეფე კი არ მართავს, მართავს ინგლისის მთავრობა პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით, იქაც უშიშროების საბჭო, მას მართავს მთავრობა, როცა ამის საჭიროებას ხედავს, ზუსტად ანალოგიური ვითარებაა ჩვენთანაც, უშიშროების საბჭოს იწვევს პრემიერი, როცა ამის აუცილებლობას ხედავს.

კომუნიკაციას სჭირდება ორმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ გვინახავს ხშირად, პრეზიდენტის თხოვნით მისულა მასთან მინისტრი და ინფორმაცია მიუწოდებია, მაგრამ როცა პრეზიდენტი კონფრონტაციულ პოზიციაზე დგას, იქ თანამშრომლობის ნებაყოფლობითი არხები, რომ იტყვიან, იბინდება. მას მართებს სხვანაირი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან მიმართებით,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების ჩაგდებას, ქადაგიშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ ვითარებაზე არ ეკისრება პრეზიდენტს და ეკისრება მთავრობას და უმრავლესობას, ამიტომ მისი გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს ხელისუფლების სხვა შტოებთან.

"საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა რეალური ძალაუფლების მატარებელი, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში ქმედებას და განცხადებას აკეთებს მთავრობასთან შეთანხმებით. ახლა მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტი იმყოფებოდა ვიზიტით ყაზახეთში, მაგრამ მისი ეს ვიზიტი თავიდან ბოლომდე დაგეგმილი და შეთანხმებული იყო საკითხებით დაწყებული მთავრობასთან. თუ ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი და მომავალში ვინც იქნება, ამ პრაქტიკას გაითავისებს გაუგებრობები არ იქნება,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო