ელექტროგაყვანილობებისა და ელექტროდანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება შესაძლოა, ლიცენზირებას დაექვემდებაროს

ელექტროგაყვანილობებისა და ელექტროდანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, შესაძლოა, ლიცენზირებას დაექვემდებაროს.

ამასთან, დაგეგმილია სახელმწიფო ენერგო ზედამხედველობის ორგანოს - სააგენტოს შექმნა, რომელიც ექსკლუზიურად შესაბამის იურიდიულ პირებზე ლიცენზიას გასცემს, უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების გადამზადება-სერტიფიცირებას, მოახდენს ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს დასკვნას და შესრულების მონიტორინგს განახორციელებს.

ყოველივე ამას “ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ პროექტი და მისი თანმდევი საკანონმდებლო აქტები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი და ირაკლი კირცხალია არიან.

კანონის პროექტის თანახმად, შეიქმნება ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ლიცენზიას იმ იურიდიულ პირებზე გასცემს, რომლებიც ელექტრულ სამუშაოებს უშუალოდ განახორციელებენ.

დგინდება ლიცენზიის და სერტიფიკატის მისაღებად საჭირო მოსაკრებელი. ლიცენზირების საფასური - 200 000 ლარი იქნება, ლიცენზიის მოქმედების ვადა კი - ორი წელი. თითოეული ლიცენზირებული იურიდიული პირის მხრიდან აღნიშნული სალიცენზიო მოსაკრებელი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გადაიხდება.

სააგენტოს დაუდგინდება ვალდებულება ლიცენზირებული კომპანიების რეესტრის შექმნის, მათი საქმიანობის კონტროლის/ანგარიშგების/პერიოდული შემოწმების ფორმისა და წესის შემუშავების თაობაზე.

განხორციელდება ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში, რაც გამორიცხავს ამ ცვლილების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ობიექტებში ამგვარი სამუშაოების წარმოებას არალიცენზირებული კომპანიების მიერ.

გარდა ამისა, შემოღებული იქნება სერტიფიცირების წესი, რომლის თანახმად, კომპანიებში დასაქმებული პირები, ვინც უშუალოდ განახორციელებენ ელექტროტექნიკურ სამუშაოებს, ვალდებულები იქნებიან, შესაბამისი გადამზადების შედეგად უსაფრთხოების სერტიფიკატი მოიპოვონ.

როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, დღეს საქართველოში ელექტროგაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება შესაბამისი ლიცენზიისა და კვალიფიკაციის არმქონე სუბიექტების მიერ ხორციელდება - მთელ რიგ შემთხვევებში, ისეთი კადრების (პერსონალის) მეშვეობით, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ.

“დღეისათვის არ გაიცემა სამუშაოს განხორციელების ლიცენზია. შესაბამისად, სათანადოდ არ მოწმდება ცოდნისა და გამოცდილების ხარისხი, არ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და ა.შ. ყველაზე მთავარია ის, რომ არ არსებობს ელექტრული ქსელების მოწყობისა და ელექტროენერგეტიკული დანადგარების/მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო, რაც მნიშვნელოვანად ზრდის უბედური შემთხვევების, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკებს", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო