დიდ დიღომში დაწყებული ახალი მშენებლობა გენოციდის გაგრძელება იქნება, რომელიც კალაძის ხელდასხმით წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ლელოს“ საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება არ შეიძლება და მან მიმართა თბილისის მერიას, რომ აღნიშნული პროექტი გადაიხედოს.
„თბილისის ურბანული გენოციდი გრძელდება და ამჯერად კალაძის მაოხრებელი ხელი მივიდა დიდ დიღომში, სადაც ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის მოცულობის მეგა დეველოპმენტი არის დაგეგმილი. ეს არის 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, რომელიც ეკუთვნის თბილისის მერიასთან დაახლოებულ დეველოპერს კობა კვეტენაძეს და სწორედ მერიასთან დაახლოებული დეველოპერებისთვის თქვენ ხედავთ რა მასშტაბის მშენებლობის განხორციელება იგეგმება. ეს იქნება დამღუპველი დიდი დიღმისთვის, რადგან ამ წლების განმავლობაში ქაოსურმა განაშენიანებამ დიდ დიღომს მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი და იქ არსებული ვერც ინფრასტრუქტურა, ვერც გარემო და ვერც მოსახლეობა ვერ გაუძლებს ასეთი მასშტაბის მშენებლობას, რომელიც იქნება თბილისის ურბანულ ქსოვილში მორიგი დანაშაული, რადგან ასეთი მასშტაბური მშენებლობები დიდ დიღომში უკვე დაუშვებელია და მთელი ახალი უბანი შენდება, რომ მოემსახუროს კალაძესთან დაახლოებულ დეველოპერს. აქ არის 30-ზე მეტი კორპუსი რომელთა საშუალო სართულიანობა არის 12-დან 21-სართულამდე“, - განაცხადა საბა ბუაძემ.