პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოში სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტი დაიკითხება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, აღნიშნული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ბრალდებულ გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტის კვალი ამოვიდა. ამავე დასკვნის მიხედვით, დაზარალებული პოლიციელის ფეხსაცმელზე ხანძრის შედეგები აღინიშნება.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. დღეს წარმოდგენილია სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტი, რომელიც მის მიერ გაცემული ექსპერტიზის ფარგლებში დაიკითხება სასამართლო პროცესზე. ექსპერტიზა ეხება, როგორც ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების დაფიქსირების კვალს, ასევე, დაზარალებული პოლიციელის ტანსაცმელი შეისწავლა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულის ფეხსაცმელზე აღინიშნება ღია წვის შედეგად გამოწვეული ხანძრის შედეგები“,- განაცხადა იაკობიძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.