რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“, მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს რელიგიისა და კანონის უზენაესობის ურთიერთმიმართებაზე იმსჯელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის მეორე დღე რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის მოხსენებით გაიხსნა, რომელმაც საქართველოში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის საკანონმდებლო ბაზაზე ისაუბრა.
„საქართველოში ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, თამარ როსტიაშვილმა. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვებზე მოხსენებით გამოვიდა მარკ ჰილი (დიდი ბრიტანეთი). კონფერენცია მუშაობას განაგრძობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.