საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიულ კოლეჯებს, სადაც ინტეგრირებული სწავლება მიმდინარეობდა, წელს პირველი გამოშვება ჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში, კოლეჯები ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებებს მართავენ.
„აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, თითქმის 15 წლიანი საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრის შემდეგ, პროფესიულ განათლებაში განხორციელდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კომპონენტის (მე-10, მე-11 და მე-12 კლასების საგნების) წარმატებული ინტეგრირება, რამაც ქვეყანაში გააჩინა საბაზო განათლების შემდეგ სრული ზოგადი განათლების მიღების სრულფასოვანი, ალტერნატიული გზა. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლება კიდევ უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდა ყველა სახის საჭიროების მქონე პირისთვის.
ინტეგრირებული პროფესიული განათლება სრულყოფილი ალტერნატიული გზაა სრული ზოგადი განათლების მისაღებად, ვინაიდან ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი და ამავდროულად მოთხოვნადი პროფესიას დაუფლონ პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომით, მიიღონ სწავლის სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან, რაც განათლების შემდგომ სახეფეხურზე გაგრძელების საშუალებას იძლევა. ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელია.
ყოველწლიური მზარდი ტენდენციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები (26 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება) ახორციელებენ 85-ზე მეტ ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად 1500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე.
ინტეგრირებულ პროგრამებზე ჩაბარება შეუძლიათ საბაზო (9 კლასის) ზოგადი განათლების მქონე ყველა პირს, საქართველოს მასშტაბით, 20 -ზე მეტი სახის პროგრამაზე, მათ შორის ისეთ მოთხოვნად პროფესიებზე როგორებიცაა: გრაფიკული დიზაინი; ლოგისტიკა; ვებტექნოლოგიები; სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება და სხვა.
ამჟამად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორის ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისიდან 10 სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი, როგორც ონლაინ ვებგვერდზე www.vet.emis.ge ასევე კოლეჯის ბაზაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.