„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ წლებია აქტიურად პოზიციონირებს ბაზარზე, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია. წელს კომპანიამ გადაწყვიტა, მდგრადი განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური მუშაობა დაეწყო და სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებები სწორედ თავისი ზეგავლენებიდან განესაზღვრა.
ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობა კომპანიის ზეგავლენის ის ერთ-ერთი მთავარი ხაზია, რასაც „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ მნიშვნელოვან როლს ანიჭებს; კომპანიის მმართველ გუნდს რამდენიმე ქალი ხელმძღვანელობს, ე.წ. ფრონტ ოფისში კი გენდერული ბალანსი სრულად დაცულია. თუმცა, დადებითი ზემოქმედების გარდა, კომპანიაში ისეთი მიმართულებებიც არსებობს, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით მეტ მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ სოციალური პასუხისმგებლობის სამოქმედო გეგმის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაბიჯები ქალთა გაძლიერების მიმართულებით დაიწყეს და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ქალთა გაძლიერების პრინციპების, ე.წ ხელმომწერები გახდნენ (www.weps.org)
„ქალთა გაძლიერების პრინციპები“ 2010 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნული 7 პრინციპი ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებისთვის. WEPS-ის ხელმოწერით, კომპანია ხდება პასუხისმგებელი, დაიცვას ქალთა და კაცთა თანასწორი უფლებები სამუშაო სივრცესა და სოციუმში და იზრუნოს ქალების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
„მოხარული ვარ, რომ „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო ჯგუფს ქალების გაძლიერების მიზნით, აქამდე ბევრი საინტერესო ინიციატივა განუხორციელებია, ვთვლით, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, კიდევ უფრო აქტიურად შევძლებთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას და შედეგების ჩვენებას. ქალების ეკონომიკური გაძლიერება, პიროვნული თუ პროფესიული განვითარება, შრომითი კმაყოფილების მაღალი ინდექსი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირდაპირ აისახება ნებისმიერი კომპანიის წარმატებაზე და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებაზე“, - აცხადებს „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი ნანა გოთუა.
„ბიზნეს სექტორის ჩართულობა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე მის გარეთ, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა, დასაქმებულებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შეთავაზება, ქალების დაწინაურება და ხელშეწყობა ის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია, რასაც სწორედ ერთობლივი ძალისხმევით მივყავართ მთავარი მიზნის შესრულებამდე - ქალის როლის გაძლიერებისკენ როგორც ეკონომიკაში, ისე საზოგადოებაში. გვიხარია, რომ „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ ამ მნიშვნელოვანი ღირებულების გარშემო შემოუერთდა ქალთა გაძლიერების პრინციპებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ბევრ საინტერესო ინიციატივას და სასარგებლო პროექტს განახორციელებენ“, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი ელენე გაბელაია.
„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ ამჟამად აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ქალთა გაძლიერების გარდა, გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ მნიშვნელოვან პროექტებს და აქტივობებს მოიცავს და დაფარავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის მეღვინეობა, სტუმარმასპინძლობა, საცალო ვაჭრობა და სხვა მიმართულებები.
(R)