ლაზარე გრიგორიადისმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა და 15-15 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა სასამართლოს ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ მისი მისამართით საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო, სამოქალაქო სარჩელით მიმართა.

გრიგორიადისი კობახიძე-ღარიბაშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 15-15 ლარის ოდენობით და საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს გროგორიადისის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ განუცხადა.

სასამართლო სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმაც.

„ცოტა ხანში, ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან მექნება საქმე. მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა მარტო, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა. კიდევ მექნება „ტვ იმედთან" ცოტა ხანში სასამართლო სხდომა, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. თმებთან დაკავშირბით მექნება კიდევ განცხადება, ალბათ, გლდანის ციხესთან დაკავშირებითაც გავაკეთებ განცხადებას, რა დარღვევები ხდება იქ", - განაცხადა გრიგორიადისმა.

მისი განცხადება მოგვიანებით ჟურნალისტებთან ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ განმარტა.

„ლაზარე გრიგორიადისმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დახმარებით სასამართლოს სარჩელით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 15-15 ლარის ოდენობით, პლუს, მათგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო.

რაც შეეხება გლდანის ციხეში არსებულ დარღვევებს, რაზეც მან განაცხადა, როცა მასთან შევალთ, უფრო დეტალურ ინფორმაციას გამოვიტანთ. ალბათ, საუბარია იმაზე, რომ როცა ციხეში მისი შესახლება მოხდა, თმების გადაპარსვა, საყურეების მოხსნა მოხდა, რაზეც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს.

რაც შეეხება "ტვ იმედს", როცა ლაზარე გრიგორიადისის დაკავება მოხდა, პირდაპირ კეთდებოდა განცხადება, რომ ის ნასამართლევი იყო და ეს ასე არ არის. არც ერთ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ გვაქვს", - განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს