კულტურის სამინისტროსთან კინემატოგრაფები აქციას მართავენ და თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს კულტურის სამინისტროსთან კინემატოგრაფების აქცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრა, რათა საკუთარი ხედვებისა და მოთხოვნების შესახებ პირადად შეატყობინონ.

“ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი, შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დოკუმენტური კინოს რეჟისორის, ნინო გოგუას განცხადებით, კინემატოგრაფებს იმედი არ აქვთ, რომ მინისტრი თეა წულუკიანი მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ნინო გოგუამ აღნიშნა, მინისტრი დახურულ კარს მიღმა, წარმომადგენელს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე პროტესტის მხარე არაოფიციალურად მიიწვიეს, თუმცა კინოს სფეროს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, არ მისულიყვნენ ისეთ შეხვედრაზე, “რომლის საჯაროობის მინისტრს ეშინია”.

“ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი თეა წულუკიანი ჩვენთან შეხვედრის შესახებ. შეხვედრის მოთხოვნა ჩვენ ოთხი სამუშაო დღის წინ, 22 ივნისს შევიტანეთ, მას შემდეგ, რაც ჩვენი პირველი მოთხოვნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სამუშაო დღის დასასრულამდე მინისტრის გადაწყვეტილებას ველოდებით, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის საფუძველს, პირველ რიგში, ის განცხადება გვაძლევს, რომელიც კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა. მათ ჩვენს პროტესტს დაუსაბუთებლად, დაბრალების ტონით, მიკერძოებული უწოდა.

ამის შემდეგ, მინისტრი დახურულ კარს მიღმა, გაუმჭვირვალედ და არადემოკრატიული გზით კინოსფეროს რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ არაოფიციალურად პროტესტის მხარეც მიგვიწვიეს, გადავწყვიტეთ, არ შევსულიყავით ისეთ შეხვედრაზე, რომლის საჯაროობის მინისტრს ეშინია.

ჩვენ პრინციპულად ვინარჩუნებთ მოთხოვნებს. ეს გულისხმობს იმას, რომ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაცია შეწყდეს, შეიცვალოს დირექტორის არჩევის წესი და ასევე, გვინდა მინისტრს შევხვდეთ რეალურად, მოვახერხოთ შეხვედრის დოკუმენტირება, რადგან ამ გზით მოვახერხებთ მისი დაპირებები ფართო საზოგადოებას გავუზიაროთ.

სამუშაო დღის დასასრულამდე რამდენიმე წუთი დარჩა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მინისტრმა ფართო საზოგადოებასთან შეხვედრის გადაწყვეტილება არ მიიღო”, - განაცხადა ნინო გოგუამ.

ცნობისთვის, სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფები მესამე კვირაა კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, კობა ხუბუნაიას დანიშვნასა და მის მიერ ცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას აპროტესტებენ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო