იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიაპლურალიზმს ეხება, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღებით ვრისკავთ - ნუ გავრისკავთ! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
დეკანოიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზრდება.
მან მმართველ უმრავლესობას საკითხის განხილვის გადადებისკენ მოუწოდა.
“არსებობს რეკომენდაციები მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით, რომ მედია რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს. არ მგონია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მარეგულირებლის შემოყვანა მრავალფეროვნებას აძლიერებდეს. ამიტომ არ გავრისკოთ და ეს კანონი იმ პინაზე არ დავდოთ, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებას კიდევ უფრო მეტად ჩამოსწევს.
როდესაც კომიტეტის სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძეს (სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე) ვკითხე, მაუწყებლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა თუ არა ეს ცვლილებები, მიპასუხა, რომ მას ამასთან დაკავშირებით არანაირი დამოკიდებულება არა აქვს და ეს მმართველი გუნდის კანონპროექტია“, - განაცხადა დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11 წევრამდე იზრდება. ორ კანდიდატს ბორდში ასარჩევად პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარუდგენს.
ამავე ცვლილებების პროექტით, უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები კი 3 წლიდან 6 წლამდე იზრდება.
გარდა ამისა, კანონპროექტის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.
პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობაც იცვლება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით ფინანსდება. კანონპროექტის გათვალისწინებით, იგი 2026 წლის 1 იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.
კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.