ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანსა და რომში შეხვედრები გაიმართა.
ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რომის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა მოაწერა. ასევე, დაიგეგმა ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება.
„გაიმართა სამუშაო შეხვედრა ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკისა და არქივის ხელმძღვანელებთან, წმინდა საყდრის ბიბლიოთეკარსა და არქივარიუსთან, არქიეპისკოპოს ანჯელო ვინჩენცო ძანისთან, სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტთან, დონ მაურო მანტოვანისთან და სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტის მოადგილესთან ტიმოთი იანცთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები - ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი გამოფენები და სამეცნიერო კვლევები. შევთავაზეთ, შეიქმნას ერთობლივი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ვატიკანსა და საქართველოში დაცული დოკუმენტები, მათი სისტემატიზაცია მეცნიერებს კვლევას გაუადვილებს. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობის სხვა ასპექტებსაც და გადაწყდა მემორანდუმის გაფორმება. მადლობას ვუხდით საქართველოს ელჩს ვატიკანში, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს და საელჩოს თანამშრომლებს შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრები რომში გაიმართა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რომის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც თანამშრომლობის მრავალ ასპექტს მოიცავს. დაიგეგმა და უმოკლეს დროში რომის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება, რათა მსოფლიო საზოგადოებამ მეტი შეიტყოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. მოეწყობა სპეციალური გამოფენები რომში და თბილისში. ასევე გამოიცემა სპეციალური კატალოგი, რომელშიც აღირიცხება საქართველოს შესახებ დოკუმენტები, რომლებიც დაცულია რომის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გავეცანით რომის ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობის სტრუქტურას. მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია დაიგეგმოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. შეთანხმება მივაღწიეთ იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის აქტიური მონაწილეობით. იტალიაში ჩვენს ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის იტალიაში ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რომის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის დაწყება დაიგეგმა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იტალიაში საქართველოს საელჩოს ვიზიტის ორგანიზებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა.