საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited-ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა, პაოლო არდოინომ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანია Tether-ი საქართველოს ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება.
მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია Tether-ი დაინტერესებულია, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის შექმნის სპეციალურ ფონდს, რომელიც მათ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.
„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ადგილობრივი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.
ღონისძიებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე დაესწრო.