ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფი ელისო ბოლქვაძეს, მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის დანარჩენ წევრებს მიმართავს, კულტურის კომიტეტის სხდომაზე მათთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან საჯარო შეხვედრა უზრუნველყოს

ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის დანარჩენ წევრებს მიმართავს, კულტურის კომიტეტის სხდომაზე მათთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან საჯარო შეხვედრა უზრუნველყოს.

საინიციატივო ჯგუფი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ საკითხებზე პარლამენტისა და უფლებადამცველთა რეაგირებაა საჭირო.

„კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სფეროში გატარებული ორწლიანი პოლიტიკის შედეგად წამოჭრილია არაერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ითხოვს პარლამენტის და უფლებადამცველთა რეაგირებას.

მინისტრ წულუკიანის საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსპი-ებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომელიც არამხოლოდ მენეჯერულ გამოცდილებას, არამედ სპეციფიკურ პროფესიულ ცოდნას ითხოვს, დაინიშნნენ იუსტიციის სამინისტროს კადრები.

ამავე პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპ-ებიდან უკანონოდ გათავისუფლდა ათეულობით ადამიანი. მათი უმრავლესობა დავობს სასამართლოში უკანონო გათავისუფლების და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. დისკრიმინაციული მოპყრობის ერთ- ერთი ფაქტი დადგენილია სახალხო დამცველის აპარატის მიერ. ამ დროისთვის 11 საქმე მოსარჩელეთა გამარჯვებითაა დასრულებული, რის შედეგადაც საქართველოს ბიუჯეტს უკვე დაეკისრა ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება.

რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შედეგად, კულტურის სსიპ-ებიდან პროფესიონალი კადრების ტოტალური გადინება უდიდეს ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის პროცესს. შედეგები უკვე აისახა გელათის სამონასტრო კომპლექსის მცდარი მეთოდოლოგიით წარმართულ რეაბილიტაციაზე, რომლის შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

მინისტრ წულუკიანის პოლიტიკა არაერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი სახელოვნებო ცენზურის დამყარების მცდელობის და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების გამო, იქნება ეს ლიტერატურული კონკურს „ლიტერას" ჟიურიში ჩარევა, სამეცნიერო პროექტების შეჩერება თუ არაერთი სხვა ფაქტი, რომელთაც არ მისცემიათ საზოგადოებრივი რეზონანსი.

სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული სსიპ-ები გადაიქცა ჩაკეტილ უწყებებად, რომლებიც არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. IDFI - ს მიერ 2022 წლის ყველაზე დახურულ უწყებად სწორედ წულუკიანის უწყება დასახელდა. მაგალითისთვის, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი. ამ დრომდე უცნობია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის გეგმა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო არ გასცემს ინფორმაციას, რითაც არღვევს საქართველოს კანონს საჯარო ინფორმაციის შესახებ.

გაუმჭვირვალეა სამინისტროს მიერ წარმოებული კონკურსები.

უკანასკნელ დღეებში საქართველოს კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების გათავისუფლება განხორციელდა დისკრიმინაციული ნიშნით. მინისტრმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულებაში და გააუქმა დირექტორის მოადგილეების პოზიცია მხოლოდ იმ მიზნით, რომ განაგრძოს შემოქმედებითი პროცესების კონტროლის პოლიტიკა მისთვის სასურველი კადრების მეშვეობით.

ყოველივე ზემოთქმული უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეზე. ამასთანავე, სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან სფეროს მართვის ასეთი მოდელი, არადემოკრატიულობისა და გაუმჭვირვალობის გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ხელს უშლის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

გთხოვთ, საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კულტურის სფეროს და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით საჯარო შეხვედრა კულტურის კომიტეტის სხდომაზე“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის კანცელარიაში დატოვებს.

კულტურის სფეროს და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჟამად პარლამენტში კულტურის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას მართავენ, სადაც სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობენ. შეხვედრას მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები ესწრებიან, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მიწვეული იყვნენ უმრავლესობის წევრებიც კომიტეტიდან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო