ალეკო ელისაშვილი - მივქარე, რომ იმ „აჯაფსანდალში“ ვმონაწილეობდი, ვგულისხმობ, ოპოზიციურ ე.წ. ერთობას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბმულ პარტიებთან არაფერი მესაქმება - სააკაშვილი კი საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი და აფერისტია

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბმულ პარტიებთან არაფერი მესაქმება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა განმარტა, მან მკაფიო დასკვნა გააკეთა, რომ ე. წ. ოპოზიციურ ერთობაში მონაწილეობას არ აპირებს.

„მკაფიო დასკვნა გავაკეთე, ძალიან მივქარე, რომ იმ „აჯაფსანდალში“ ვმონაწილეობდი. ოპოზიციურ ე.წ. ვითომ ერთობას ვგულისხმობ, სინამდვილეში ყველა თავისკენ რომ უბერავდა. შევცდი, დასკვნა გამოვიტანე, მსგავს რამეში მონაწილეობას არ ვაპირებ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბმულ პარტიებთან არაფერი მესაქმება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კარიკატურად არის გადაქცეული. „გულისამრევია, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი იდეა აღარ დარჩა, ეს აბსოლუტურად ამოწურული ძალაა. „ქართულ ოცნებას“ აქამდე ვიზავი ჰყავდა „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან პაექრობით 11 წელი ფონს გავიდა, ახლა კარიკატურად გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ხალხში ღიმილს იწვევს თავის ლიდერებიანად, ვიდრე შიშს- „არიქა, ესენი არ დაბრუნდნენო“. რა უნდა დაბრუნდნენ, კომიკურ ამბავში არიან“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ელისაშვილი გადაცემაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არის მჩაგვრელი.

„იმიტომ მძულდა „ნაცმოძრაობა“ რომ ძალადობდნენ და პირდაპირ ჩაგრავდნენ ხალხს. ამოფარებულები იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმებს, ჯარს, სუს-ს და ყველაფერს. ცალ-ცალკე რომ არაფრის თავი არ ჰქონდათ, კი ვხედავთ აგერ, ხან ერთს ამოარტყეს ქუჩაში პანჩური, ხან მეორეს. „ქართული ოცნება“ დღეს არის მჩაგვრელი. შეიძლება არ მოგწონდეს ზურა ჯაფარიძე, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ზუსტად იგივე ხელწერაა. მერე ტექსტები ნახეთ, ზურა ჯაფარიძეს ვინც თავს დაესხა, ზუსტად ისეთი ტექსტი დაწერა, როგორც მან, ვინც დღეს მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა. ეს არის სუს-ის და, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ლიდერების გადაწყვეტილება, ოღონდ რას ემსახურება ვერ ვხვდები, რადგან რაღაცნაირი ხალხი ვართ, არ გვეშინია, რაც გინდა ის ქენი. რომ გვცემენ, უფრო ვბრაზდებით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, უკრაინის გათავისუფლებაში მონაწილეობას და სოხუმში პიაცის აშენებას გეგმავს.

მის განცხადებას ალეკო ელისაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „წინ თუ დაჯდება, უფრო მალე მივა“.

„აი, ძმაო კაცი, ციხიდან უკრაინას ათავისუფლებს. შეუძლია ბევრს? - სააკაშვილი არის უბრალოდ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი და აფერისტი. გამოაშკარავდა კიდეც, რომ უცბად განიკურნა, სტრასბურგმა რომ უთხრა არაფერი გჭირსო, არც დემენცია აქვს, არც მემენცია, არაფერი აქვს. ახლა უკრაინას ათავისუფლებს და ანტარქტიდასაც შემოუერთებს საქართველოს ცოტა ხანში. აფერისტია ჩვეულებრივი, გაქუცული, გაქანებული თაღლითი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა