თიბისი კონცეპტი, 4 ივლისიდან, თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას „ფიქრის ტრაექტორია“ წარმოგიდგენთ, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ფიქრის ტრაექტორია“ ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ ხელოვანების - თორნიკე გოგნაძის, ქეთი კაპანაძის, თეა ნილის, ნინო საკანდელიძის, ოთო შენგელიას და დავით ჩიხლაძის საავტორო ძიებებს წარმოადგენს.
„რა არის ხელოვნების სემიოტიკა (ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინა)? ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეგზისტენციალური თემატიკის ირგვლივ გამოფენის ვიზუალური ენა და დრამატურგია განიხილავს სივრცით-დროით კავშირებს. შემოქმედებითი ფიქრის განსხვავებული ვიზუალური ფორმირებით განვრცობილი გარემო და გარემოებები - დროში მოხელთებულ ანარეკლებში, ანაბეჭდებში, დატოვებულ ან უეცრად გაელვებულ გამოსახულებებში ვლინდება. სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს.
„ფიქრის ტრაექტორია” შეიქმნა გორის ხელოვნების სახლში ორგანიზებული თანამედროვე ხელოვნების პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან თანამშრომლობითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. გამოფენას ადაპტირებული ფორმატით წარმოადგენს პლატფორმა @unirchived_semiotics „თიბისი კონცეპტის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით.
გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი; გამოფენის გახსნა: 4 ივლისი, 18:00; გამოფენის ხანგრძლივობა: 4 ივლისი - 4 სექტემბერი, 2023; მისამართი: „თიბისი კონცეპტი“, მარჯანიშვილის ქ. #7“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.