მე ვარ ნაწილი საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამისა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო - ბოლო 4 წლის განმავლობაში პირადად მქონდა პატივი მემუშავა უდიდეს გამოწვევებზე, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას განაცხადა.
მან პარტნიორებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამთავრობო პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე მუშაობა აქ, საქართველოში გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა რეალურად მე ვარ ნაწილი საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამისა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ქვეყანამ გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა აირჩია და ეს პროცესი გრძელდებოდა 2000-იან და 2010-იან წლებში. ამ ათწლეულებში ჩაეყარა საფუძველი ინსტიტუტების მშენებლობას, მტკიცე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს, რომელმაც სტიმული მისცა ახლანდელ ეკონომიკურ ზრდას და შესაძლებელი გახადა მაშინდელი სიღარიბის განახევრება მიმდინარე ათწლეულში.
ბოლო 4 წლის განმავლობაში პირადად მქონდა პატივი მემუშავა უდიდეს გამოწვევებზე, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია და მთავრობისთვის ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერა, ასევე, პარალელურად სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კავშირების განვითარება საქართველოში. ციფრული განვითარების მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი პროექტი Log-in Georgia, რომლის მიზანია 5,000 სოფლის დაკავშირება ინტერნეტთან. ასევე, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მოექცევა კავშირების განვითარების დღის წესრიგში სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა და მისი გაფართოება შესაძლებელს გახდის საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან წყალქვეშა ენერგო და ციფრული კაბელის საშუალებით. ეს პროექტები, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით დახმარებას ვუწევთ მთავრობას, მართლაც განსაკუთრებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამასთან ერთად, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად.
კოლეგებო და მეგობრებო, მსურს, ჩემი უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელთაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს და შვილივით მიმიღეს. დიდი მადლობა ჩვენს კლიენტებსა და სამთავრობო პარტნიორებს, რომელთაც ქვეყნის რეფორმირებისა და ევროპული მომავლისადმი მტკიცე ხედვა ჰქონდათ. ასევე, დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საელჩოებს, განვითარების მიმართულებით მომუშავე ჩვენს პარტნიორებს გასული ოთხი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის. და ბოლოს, დიდი მადლობა როგორც კერძო სექტორს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც წარმოადგენდნენ ბევრი რეფორმის საყრდენს და თავიანთი ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ ჩვენი პროგრამების განხორციელებაში“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.