ლევან დოლიძე - ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქტიურ და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებულ კომუნიკაციას

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს, ლევან დოლიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის რადაში გამოსვლისას საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადებები გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე ქართველმა პოლიტიკოსებმაც არაერთი პროგნოზი და შეფასება გააკეთეს ბოლო დღეებში.

ამ თემაზე საქართველოში ურთიერთგამომრიცხავი, ხშირ შემთხვევაში გაუგებარი კომენტარებიც კი გაკეთდა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ ზელენსკის ამ განცხადებას?

- უკრაინის გამარჯვება და შესაბამისად რუსეთის, როგორც საფრთხის განეიტრალება ცხადია, უაღრესად დადებით გავლენას იქონიებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ამავდროულად საფუძველს დაუდებს არაერთ პოზიტიურ პროცესს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაც.

აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგადად საყურადღებოა პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საქართველოდან ისმის ან მომავალში გახმოვანდება. მნიშვნელოვანია, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გაკეთებულმა შეფასებებმა და განცხადებებმა ხელი არ შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში იმ აღქმების გაძლიერებას, რომელთა დანერგვას რუსეთი უკვე ათეულობით წლებია ცდილობს.

უკრაინის გამარჯვება და შესაბამისად რუსეთის, როგორც საფრთხის განეიტრალება ცხადია, უაღრესად დადებით გავლენას იქონიებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ამავდროულად საფუძველს დაუდებს არაერთ პოზიტიურ პროცესს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაც

არ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიებზე ჩვენს მიმართ შიშის კიდევ უფრო მეტად კულტივაცია. პირიქით, ყველაზე სწორი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ნდობის აღდგენის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და მეტი პროგრესის მიღწევა ყველა ფლანგზე, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის მხრივ.

ასევე, აღნიშნული პროცესიდან მიღებული სარგებლის შესახებ ეფექტიანი კომუნიკაცია და ზოგადად იმ გარემოს შექმნა, რაც კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთიან სახელმწიფოში ჩვენთან თანაცხოვრებას.

ამიტომაც ვფიქრობ, უკიდურესად მცდარია მოსაზრება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება არ ეჩქარება. იმ პროცესების ფონზე, რაც შესაძლოა, მომავალში რუსეთში განვითარდეს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოქმედმა გავლენიანმა ჯგუფებმა შესაძლოა, შეიცვალონ ის ხისტი პოზიცია, რაც დღეს აქვთ ჩვენთან განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

უკიდურესად მცდარია მოსაზრება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება არ ეჩქარება. იმ პროცესების ფონზე, რაც შესაძლოა, მომავალში რუსეთში განვითარდეს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოქმედმა გავლენიანმა ჯგუფებმა შესაძლოა, შეიცვალონ ის ხისტი პოზიცია, რაც დღეს აქვთ ჩვენთან განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით

ცხადია, ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც მარტივ პროცესს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა ეტაპზე ვიქნებით ჩვენ ამ დროს როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე დემოკრატიისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების რეალიზების მხრივ. შესაბამისად, ვფიქრობ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება შესაძლოა, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პროცესში.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება შესაძლოა, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პროცესში

- არაერთხელ მოგვისმენია, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს არ ნიშნავს. თურქეთს უკვე 30 წელზე მეტია რაც აქვს? რას ფიქრობთ ამ შეფასებებზე?

- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არა კანდიდატის სტატუსი ან თუნდაც რომელიმე ორგანიზაციის წევრობა, არამედ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის დაცვა და ჩვენს ტერიტორიებზე მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფაა.

შესაბამისად, როგორც ევროპული ისე ევროატლანტიკური ინტეგრაცია საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიზნების მიღწევის საშუალებებად განისაზღვრა ქვეყნის მიერ ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ. ასეა განსაზღვრული დღესაც ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ყველა იმ კონცეპტუალური დოკუმენტით, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ეხება და ეს ერთადერთი სწორი არჩევანია.

ბუნებრივია, ჩვენს ამ ვექტორს საფუძვლად უდევს საუკუნეების წინანდელი ისტორიული კონტექსტი და ის საერთო ფასეულობები, რაც ქრისტიანული ცივილიზაციიდან მომდინარეობს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირში წევრობის „პერსპექტივის“ მიღება, რამაც ევროკავშირში უკვე ფორმალურადაც მოხსნა კითხვები ჩვენს გეოგრაფიაზე, ევროპულ იდენტობაზე და საქართველო გაფართოების პოლიტიკის ნაწილად აქცია.

მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირში წევრობის „პერსპექტივის“ მიღება, რამაც ევროკავშირში უკვე ფორმალურადაც მოხსნა კითხვები ჩვენს გეოგრაფიაზე, ევროპულ იდენტობაზე და საქართველო გაფართოების პოლიტიკის ნაწილად აქცია

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გასავლელი სავალდებულო ეტაპია. შესაბამისად, კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მიღება, ჩემთვის იგივეა, რაც კითხვა გვჭირდება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, ვინაიდან როგორც აღვნიშნე, ამ სტატუსის გარეშე ევროკავშირისკენ ვერ განვაგრძობთ სვლას.

კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მიღება, ჩემთვის იგივეა, რაც კითხვა გვჭირდება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, ვინაიდან როგორც აღვნიშნე, ამ სტატუსის გარეშე ევროკავშირისკენ ვერ განვაგრძობთ სვლას

არც თურქეთთან პარალელი მგონია მართებულად ამ შემთხვევაში. ბევრ ფაქტორს შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ამ სტატუსის მიღება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, შავი ზღვის ქვეყნების ინტეგრაციული პროცესში ადგილის შენარჩუნების და დამკვიდრების საშუალებაა, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიდრე ერთი კონკრეტული, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმაა. - როგორი თქვენი მოლოდინები სამიტის წინ? რამდენად შეიძლება მოახდინოს გავლენა სამიტის გადაწყვეტილებაზე, რუსეთში რამდენიმე დღის წინ განვითარებულმა პროცესებმა, რაც ბევრი ანალიტიკოსის მიერ პუტინის რეჟიმის დასუსტების მორიგ გამოვლინებად შეფასდა?

რამდენად მოსალოდნელია, რომ ამან შესაძლოა დააჩქაროს უკრაინის ნატოში მიწვევა? საქართველოს რა უნდა ჰქონდეს დასახული მიზნად ვილნიუსის სამიტისთვის და რამდენად მომზადებულები ვხდებით და შესაბამისად, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს სამიტისგან?

- გასულ კვირას განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა ის მძიმე პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს ეტაპობრივად აისახება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ნატოსთვის უკრაინასთან მიმართებით გადაწყვეტილებების მიღებისას. ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ რუსეთის ეს კონკრეტული კრიზისი ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ალიანსში მიწვევის წინაპირობად იქცეს.

ვფიქრობ, სამიტზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. აგრეთვე, მოკავშირეები, სავარაუდოდ, ძლიერ გზავნილებს გაახმოვანებენ უკრაინის ალიანსთან დაახლოებაზე და გაწევრიანების პერსპექტივაზეც.

ვფიქრობ, სამიტზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. აგრეთვე, მოკავშირეები, სავარაუდოდ, ძლიერ გზავნილებს გაახმოვანებენ უკრაინის ალიანსთან დაახლოებაზე და გაწევრიანების პერსპექტივაზეც

უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენ ნათლად ვხედავთ, დასავლეთის მკვეთრად შეცვლილ პოლიტიკას რუსეთის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ნატოს არაწევრი ქვეყნების მიმართ. ამის ყველაზე ნათელი გამოვლინება რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაა, თუმცა ნატოსთვის ჯერ არ დამდგარა ის ეტაპი, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებაზე მიიღოს გადაწყვეტილება. ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პროცესებს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე განვითარდება.

ნატოსთვის ჯერ არ დამდგარა ის ეტაპი, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებაზე მიიღოს გადაწყვეტილება. ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პროცესებს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე განვითარდება

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ამ სამიტისთვის მთავარ ამოცანებად განსაზღვრული უნდა იყოს რუსეთიდან დამატებითი საფრთხეების თავიდან არიდება და სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მექანიზმების გაძლიერება.

აგრეთვე, წევრობამდე არსებული ყველა ფორმალური ბარიერის მოხსნა და იმ გადაწყვეტილებების მომზადება, რამაც სათანადო შესაძლებლობის გაჩენისთანავე უნდა მოგვცეს უსაფრთხოების ქოლგის მიღების საშუალება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის ამოცანების მიღწევა მოითხოვს მთავრობის, ასევე ყველა სახელისუფლებო შტოს და სამოქალაქო სპექტრის მაქსიმალურ კონსოლიდაციას და კონკრეტულ სტრატეგიაზე დაფუძნებული თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

ამ მხრივ ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქტიურ და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებულ კომუნიკაციას.

ამ სამიტისთვის მთავარ ამოცანებად განსაზღვრული უნდა იყოს რუსეთიდან დამატებითი საფრთხეების თავიდან არიდება და სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მექანიზმების გაძლიერება...

რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ - იმ მხარდამჭერ გზავნილებთან ერთად, რასაც ალიანსი საქართველოსთან მიმართებით ტრადიციულად ახმოვანებს, ნატო დიდი ალბათობით დაადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს გაწევრიანებაზე ბუქარესტის გადაწყვეტილების მიმართ. არსებული რეალობის, მათ შორის, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გამიჭირდება სხვა მიმართულებებით პროგნოზების გაკეთება .

- როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა პუტინის გუშინდელი განცხადება და მის მიერ გადადგმული სხვა ნაბიჯები ვაგნერის მიმართ? რა გავლენას იქონიებს ამბოხის მცდელობა პუტინის მომავალზე?

- პუტინს ჰქონდა მცდელობა, თავისი განცხადებებით დაპირისპირდებოდა ყველა იმ სისუსტეს, რომელიც ამბოხის მცდელობისას გამოიკვეთა. მხედველობაში მაქვს უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, იმ სამხედრო რესურსის ნაკლებობა, რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გაეწია ვაგნერის დაჯგუფებისთვის, ასევე მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერის ნაკლებობა და სხვა.

ბუნებრივია, მისი ძალისხმევის მთავარი სამიზნე რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და რთულია იმის შეფასება, თუ კონკრეტულად რა გავლენას იქონიებდა ეს განცხადებები ამ მხრივ. თუმცა, იმდენად დამაზიანებელი იყო პუტინისთვის კითხვების გაჩენა მის უძლეველობასთან დაკავშირებით და იმდენად დიდი იყო კონტრასტი მის განცხადებებსა და იმ სურათს შორის, რაც რუსეთის მოქალაქეებმა თავად იხილეს, ვფიქრობ, მისი და სახელისუფლებოს პროპაგანდისტული მანქანის მცდელობა ამჯერად უფრო ნაკლებად შედეგიანი იქნებოდა, ვიდრე სხვა შემთხვევებში ყოფილა.

თავად პუტინის ამ განცხადებისას შექმნილი სურათის ხელოვნურობამ და გაკეთებულმა აქცენტებმა ვფიქრობ, დაინტერესებული პირები, რომლებიც გარედან აკვირდებოდნენ ამბოხისას განვითარებულ პროცესებს, უფრო დაარწმუნა ყველა იმ პრობლემის არსებობაში, რომლის უარყოფა პუტინის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

ვფიქრობ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ შეუქცევადი სახე მიიღოს მსგავსი სისუსტეების გამოვლინებამ. ცხადია პუტინის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთ უკრაინის ომის შედეგებზე. ამასთანავე, სულ უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ ამ ომის დაწყებით, რუსეთი შევიდა სპირალში, საიდანაც უკიდურესად დაზიანებული გამოვა.

ცხადია პუტინის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთ უკრაინის ომის შედეგებზე. ამასთანავე, სულ უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ ამ ომის დაწყებით, რუსეთი შევიდა სპირალში, საიდანაც უკიდურესად დაზიანებული გამოვა

მოგეხსენებათ, პუტინი მუდმივად უპირისპირდებოდა ნატოს გაფართოებას და ომის შემდეგ დამატებით თითქმის 1400 კილომეტრიანი საზღვარი მიღო ნატოსთან, მას ფაქტობრივად სტრატეგიულ ამოცანად ჰქონდა დასახული ბზარის შეტანა დასავლეთის ერთიანობაში და დასავლეთის და თითქმის მთელი თავისუფალი სამყაროს უპრეცედენტო ერთობა მიიღო მის წინააღმდეგ.

აშკარად შეინიშნება მისი გავლენის შესუსტების ნიშნები არაერთ რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ აზიაში. ეს მხოლოდ ნაწილია იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელიც რუსეთს მის სტრატეგიულ მიზნებთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ შეექმნა. პუტინი აგრეთვე, საუბრობდა უკრაინის დემილიტარიზაციის აუცილებლობაზე და დღეს მაღალ დონეზე შეიარაღებულ უკრაინასთან უწევს დაპირისპირება.

რაც ყველაზე მთავარია, დასავლური ქვეყნების ლიდერების ძირითად ნაწილს კარგად აქვთ გააზრებული, რომ კონკრეტული შედეგის მიღწევამდე რუსეთთან პოლიტიკის და უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება თავად პოლიტიკური დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებშია.

იმის გათვალისწინებით, რომ პუტინის მიმართ მისი მოქალაქეების მხარდაჭერა მეტწილად მის უძლეველობის და მსოფლიო მასშტაბით არსებული გავლენების მითს ეფუძნება, ცხადია ამ მიმართულებით სისუსტეების გამოვლენა რეჟიმს სერიოზული რისკების წინაშე აყენებს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთში ამ პროცესში ხედავენ არა მხოლოდ შესაძლებლობებს, არამედ ამავდროულად რისკებსაც, რომ ჩიხში მოქცეულმა რეჟიმმა შესაძლოა არაადეკვატური ნაბიჯებიც გადადგას და დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა. სწორედ აქედან გამომდინარეობს, დასავლეთის მოზომილი ნაბიჯები და სიფრთხილე, მათ შორის ნატოს გაფართოების ვადებთან მიმართებით.

- ამბოხის მიმდინარეობისას ბევრი მოწოდება გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, თუმცა არ მოხდა მათი გათვალისწინება და ეს მოწოდებები ოპოზიციის მიმართ ბრალდებების საფუძვლადა იქცა.

როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების რეაქციებს ამბოხის დღეს რუსეთში მიმდინარე პროცესების პასუხად? რამდენად იზიარებთ ოპოზიციის რეკომენდაციებს, რომელიც ამ დღეებში კეთდებოდა?

- როდესაც მსგავსი კრიზისები დგება, ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობაა განსაზღვროს მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარები და მათზე რეაგირების გზები. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან სწორი კომუნიკაცია და იმ განცდის შექმნა, რომ ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს.

როდესაც კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლება დუმს, იქმნება საინფორმაციო ვაკუუმი, რომელსაც ხშირად ავსებს ინფორმაცია და შეფასებები, რამაც შესაძლოა მოსახლეობა დაბნეულობამდე ან თუნდაც პანიკამდე მიიყვანოს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში მოქალაქეებს ესაუბრებოდეს არა პარტიის, არამედ მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციასთან ასოცირდება.

როდესაც კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლება დუმს, იქმნება საინფორმაციო ვაკუუმი, რომელსაც ხშირად ავსებს ინფორმაცია და შეფასებები, რამაც შესაძლოა მოსახლეობა დაბნეულობამდე ან თუნდაც პანიკამდე მიიყვანოს

ისიც უნდა ითქვას, რომ არაერთი მცდარი და გადაჭარბებული შეფასება და მოთხოვნა გაისმა ოპოზიციის მხრიდანაც. როდესაც მოსაზღვრე ქვეყანაში რომელსაც ამავდროულად ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები ხდება სამხედრო ამბოხი და იქმნება სამხედრო ესკალაციის რეალური საფრთხე, მნიშვნელოვანია საზღვარზე კონტროლის გაძლიერება და სულ მცირე შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან ან გეგმავენ გამგზავრებას.

ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბევრი გამოწვევა გვაქვს, რომელიც დროულად საჭიროებს სათანადო ყურადღების მიქცევას. მეტიც, უსაფრთხოების საკითხებზე უნდა არსებობდეს რეგულარული დიალოგი და კოორდინაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბევრი გამოწვევა გვაქვს, რომელიც დროულად საჭიროებს სათანადო ყურადღების მიქცევას. მეტიც, უსაფრთხოების საკითხებზე უნდა არსებობდეს რეგულარული დიალოგი და კოორდინაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

გამოწვევები რომლის წინაშეც ჩვენ ვართ მოითხოვს არა პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას, არამედ ხელისუფლების, სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალურ კონსოლიდაციას.

ჩვენს უახლოეს ისტორიას თუ კარგად გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების გამო არაერთი ტრაგიკული შეცდომა დავუშვით, რის გამოც ბევრი ისტორიული შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. აღარ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო