"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, საპენსიო ასაკმა ყველასთვის დაიწიოს 60 წლამდე და მინიმალური პენსია იყოს 400 ლარი, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი ინიციატივა აქვს პენსიონერების საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში გააჟღერებს, თუ როგორ შეიძლება პენსიონერებისთვის ამ წნეხის შემსუბუქება.
ხაბეიშვილმა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მის ანგარიშში საუბარი არ იყო ადამიანების ნამდვილ საჭიროებებზე.
“ღვარძლი, დაპირისპირება, რუსი ოლიგარქის მიერ ხელდასმული პრემიერ- მინისტრის გაბოროტებული საუბარი. მის საუბარში არსად არ იყო ნახსენები ხალხის კეთილდღეობა, არსად არ იყო ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვა და ისაუბრა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, ხალხი გამდიდრებულია, არადა თავად გამდიდრდა ხალხის ხარჯზე, თავად გაამდიდრა მისი მთავრობის წევრები, ამას გულისხმობდა, რომ ამბობდა, ყველაფერი კარგად არისო. ამასობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პირადად მე, მოვიარე ათეულობით მუნიციპალიტეტი, ვხვდები მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში, მოსახლეობას და მთავარი პრობლემა, რაც აწუხებს ხალხს და რაზეც არ უსაუბრია ირაკლი ღარიბაშვილს, ეს არის იგივე საპენსიო ასაკის დაწევა, რა ინიციატივითაც გამოვდივართ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და ვამბობთ შემდეგს, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი და 60 წელი რომ გახდება საპენსიო ასაკი, მინიმალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან და არა ის, რომ 70 წლის შემდეგ გაგეზრდებათ თურმე პენსია. კონკრეტული სტატისტიკა არსებობს, სადაც საქართველოში სიცოცხლე არის შემცირებული, საშუალოდ 72 წელს ცხოვრობს ქართველი და ევროპაში 10 წლით უფრო მეტს ცხოვრობენ და რატომ ხდება ეს? რადგან ეკონომიკური სიდუხჭირეა, რადგან მინიმალური შესაძლებლობა არ აქვს ჩვენ ღირსეულ, დამსახურებულ ადამიანებს და როგორ შეიძლება ჩვენ ღვაწლმოსილ მოქალაქეებს არ დავეხმაროთ, არ შევუქმნათ კონკრეტული პირობები და ნაცვლად ამაზე საუბრისა, რომ როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, როგორ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს, ვისაც ძალიან ბევრი უკეთებია ამ ქვეყნისთვის, არიან დამსახურებულები, არიან ღვაწლმოსილები, არიან უამრავი სიკეთის შემქმნელი ამ ქვეყნისთვის და მინიმალური შესაძლებლობა როგორ არ უნდა მივცეთ, რომ ყველას თანაბრად 60 წლიდან ეწყებოდეთ პენსია? მამაკაცებთან მიმართებით, სტატისტიკა არის კიდევ უფრო მძიმე სიცოცხლის ხანგრძლივობის, თუ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ არის 72 წელი, მამაკაცის საშუალო ასაკი არის 67 წელი.
პირველი ინიციატივა არის საპენსიო ასაკის დაწევა, ხოლო მეორე ინიციატივა უკავშირდება საბანკო ოლიგარქიით მიყენებულ ზიანს პენსიონერებისთვის და ეს არის ათობით მილიონი ლარი. „ნაციონალური მოძრაობის“ შესაბამისი სამსახურები უკვე მეურვეობენ და უახლოეს კვირებში ჩვენ შემოგთავაზებთ გეგმას, როგორ უნდა გავათავისუფლოთ ამ უღლისგან, რომელიც დაადგა საბანკო ოლიგარქიამ, რუსულმა მაფიამ ჩვენს პენსიონერებს, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით ღლიტავს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ეს ორი ინიციატივა რაც გამომდინარეობს მოსახლეობისგან. ადამიანებს აინტერესებთ ეს, ადამიანებს სურთ პრობლემების მოგვარება და იმ პირობებში, როცა ევროპაში საშუალოდ 10 წლით უფრო მეტს ცხოვრობს მოქალაქე, ვიდრე საქართველოში, ჩვენი ინიციატივაა საპენსიო ასაკმა დაიწიოს, გახდეს 60 წელი და ის დანამატი, რაც არის მაღალმთიანებში, 20 პროცენტიანი ნამატი, ცხადია უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ 400 ლარის ზემოთ. ერთი ხელის მოწერით შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა, ამის თანხები არსებობს და თუ ამას არ გააკეთებს რუსული პარტია, "ნაციონალური მოძრაობა“ პირველივე დღეს, როგორც კი რუსული რეჟიმი შეიცვლება, პირველივე წელს ეს პროგრამა განხორციელდება, საპენსიო ასაკი დაიწევს, მინიმალური პენსია გახდება 400 ლარი და ასევე უახლოეს კვირებში მე შემოგთავაზებთ საბანკო ოლიგარქიით, რუსული მაფიით მიყენებული ზიანი როგორ უნდა შევუმსუბუქოთ ჩვენს ხალხს. მე მიზანმიმართულად არ შევალ პოლემიკაში ირაკლი ღარიბაშვილთან, რადგან რაზეც მან ისაუბრა, არცერთი სიტყვა არ ყოფილა მოსახლეობაზე, ხალხის კეთილდღეობაზე და მეტიც, გვითხრა, რომ ყველაფერი არის კარგად და ვინ თუ არა თქვენ, ყველაზე კარგად უწყით, თუ რა მძიმე სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში გარდა იმისა, რომ, ფაქტობრივად, მოღალატე რუსი ხელისუფლება გვყავს დღეს მთავრობაში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.