როდესაც მიხეილ სააკაშვილს ახსენებთ, თქვენს ხმაში შიშის ტემბრი ერევა - სწორედ ეს შიშია, ბევრ სისულელეს რაც გაკეთებინებთ, რა სისულელესაც დღეს ჩადიხართ, როდესაც კასპში ღონისძიებას ხელს უშლით და აქტივისტებსა და პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ამასთან, ბოტკოველმა პრემიერის ანგარიშს „ტყუილებით სავსე“ უწოდა.
„სანამ თქვენი ტყუილებით სავსე ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, თქვენ მიერ წაქეზებული და ორგანიზებული აქტივისტები და „ტიტუშკები“ მიუცვივდნენ კასპში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, დააზიანეს ავტომობილები და ფაქტობრივად, ძალადობა მიმდინარეობს - ეს არის თქვენი და თქვენი პოლიტიკის წაქეზებული, თუმცა ამით ვერავის შეაშინებთ. იმას, რომ დღევანდელი ანგარიში ტყუილებითაა სავსე, ქართველი ხალხი შეაფასებს. ერთადერთი სიმართლე, რაც აქ დავინახეთ ისაა, რომ როდესაც თქვენ მიხეილ სააკაშვილს ახსენებთ, თქვენს ხმაში შიშის ტემბრი ერევა. სწორედ ეს შიშია, ამ ბევრ სისულელეს რაც გაკეთებინებთ, რა სისულელესაც დღეს ჩადიხართ, როდესაც კასპში ღონისძიებას ხელს უშლით და აქტივისტებსა და პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობთ. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში წარმატებულად შეასრულეთ ისაა, რომ გააღარიბეთ, გააღატაკეთ მოსახლეობა და გარბიან ქვეყნიდან. ერთხელ მაინც გადაგიმოწმებიათ, მაგალითად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რა ხდება? ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან თქვენი ამ რუსული პოლიტიკის გამო, თქვენი ამ გაღატაკებული, გაუბედურებული პოლიტიკის გამო. ის, რომ დღეს თავს რამით იწონებთ, ყველაფერი ფარსია. აქ მოვისმინეთ, თითქოს ქართველი ხალხი მიიღებს თურმე გადაწყვეტილებას. მთავარი, რასაც აკეთებთ ისაა, რომ თქვენ მოქმედებთ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.