საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „სარაჯიშვილს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებს შორის შეთანხმების თანახმად, კომპანია „სარაჯიშვილი“ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არქივების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოტანას.
„არქივები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოიცავს მნიშვნელოვან დოკუმენტებს, წერილებს, ფოტოებს, პერიოდულ და სხვა სახის გამოცემებს, ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაიდებს ბინას.
ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზის რესტავრაცია თავის დროზე სწორედ კომპანია „სარაჯიშვილის“ ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. არქივების მოძიებისა და ჩამოტანის პროცესში კომპანიის თანადგომა ამ, დიდი ხნის წინათ დაწყებული საქმის გაგრძელებაა.
ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეძებს ქართულ და საქართველოს შესახებ არქივებს, ძირითადად ჩვენი ემიგრაციის მიერ შექმნილ და შენახულ კულტურულ მემკვიდრეობას.
ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში ასეთი არქივების საკმაოდ დიდი ფონდია თავმოყრილი, რომელთა დამუშავება და აღწერა უწყვეტად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მალე საქართველოში, ამერიკიდან და ევროპიდან, უდიდესი არქივები ჩამოვა, რომელიც უნიკალურ ხელნაწერებს, წიგნებს, ჟურნალ–გაზეთებს იგულისხმებს. ემიგრაციის მიმართულებით მუშაობა რვა წლის წინ დავიწყეთ. მაშინ გავხსენით ემიგრაციის დარბაზი –რამდენიმე ოთახიანი კომპლექსი, რომელიც სწორედ კომპანია #სარაჯიშვილი – ს დახმარებით აღდგა. მოგვიანებით, ეს დარბაზი ემიგრაციის მუზეუმს შეერწყა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსუდან შარაძის გადაწყვეტილებით გადმოვიდა. ქართული ემიგრაციის მუზეუმის დამფუძნებელი გურამ შარაძეა - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ემიგრაციის მუზეუმი სწორედ გურამ შარაძის სახელობის იყოს“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.