საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მასშტაბური ღონისძიება - „დასაქმების ფორუმი - 2023“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასაქმების ფორუმით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს ღონისძიებათა ციკლს, რომელიც 2022-2023 აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა გაცილებას ეძღვნება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დასაქმების ფორუმზე ყველა ის ახალგაზრდა მიიწვია, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, ასევე - ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
საუნივერსიტეტო „დასაქმების ფორუმი - 2023“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, დასაქმებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით, ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს და ისინი საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებსა და ბიზნესკომპანიებთან საუნივერსიტეტო სივრცეში დააკავშიროს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ კურსდამთავრებულთა და სტუდენტთათვის ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე ქართული კომპანიების ასეთი სიმრავლეა. საუნივერსიტეტო ფორუმმა მართლაც შთამბეჭდავი მასშტაბები შეიძინა - წარმოდგენილია ქვეყნის შრომის ბაზარზე მოქმედი ასზე მეტი ავტორიტეტული კომპანია, რომლებიც ახალგაზრდებს აქტიურ ვაკანსიებსა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებს სთავაზობენ. ეს პროფესიის მიხედვით დასაქმების უნიკალური შესაძლებლობაა. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული მიდგომების საუნივერსიტეტო სივრცეში გააქტიურება ქვაკუთხედია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ეს პროცესი, ერთი მხრივ, მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბების უწყობს ხელს და მეორე მხრივ, უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას და მათი რიგების ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრებით შევსებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეულ დამსაქმებელ ორგანიზაციას სწორედ უნივერსიტეტის მიერ აღზრდილ კვალიფიციურ კადრებზე დაყრდნობით, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.
საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე. მათ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს წარმატებები უსურვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე, რომელიც ადმინისტრაციული კორპუსის მიდებარე ღია სივრცეში მოეწყო, 105 სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის სტენდი იყო განთავსებული. დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა სტუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 1000-ზე მეტი ვაკანსია, ასევე სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამები შესთავაზეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია უშუალოდ ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღეს და კონსულტაციის გავლის შედეგად, სასურველი ვაკანსიები შეარჩიეს და განაცხადები ადგილზე შეავსეს.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის განცხადებით, ფართომასშტაბიანი დასაქმების ფორუმი საუნივერსიტეტო სივრცეში უკვე მეორედ გაიმართა.
„გარდა სწავლება-სწავლის პროცესისა და ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვისა, საქართველოს ტექნიკურ უნიუნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, იყოს ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის. ამ ჭრილში, უნივერსიტეტის უმთავრესი საზრუნავი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. რაც მთავარია, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების ქმედითი პლატფორმის არსებობა ყველა ახალგაზრდას განვითარების თანაბარ შესაძლებლობას უქმნის და ამის დასტური ჩვენი საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმია, რომელიც პირველად შარშან გაიმართა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ფართომასშტაბიანი ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტრადიციულ სახეს მიიღებს", - აღნიშნა ნატო ქათამაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს ფაკულტეტების დეკანები და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, დამსაქმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.