პრემიერი - თუ უცხოეთის მოქალაქეს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს - მორალურად მიმაჩნია, რომ მისასალმებელი არ არის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან, არ ვიცით ვინ არიან და ეს ბავშვები სად მიჰყავთ

სუროგაციაზე ჩემი პოზიცია მოგახსენეთ, მორალურად მიმაჩნია, რომ მისასალმებელი არ არის ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან, არ ვიცით ეს მოქალაქეები ვინ არიან, ეს ბავშვები სად მიჰყავთ მერე, ბევრი უკონტროლო სიტუაცია, პროცესებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, მათ არ უნდათ, სახელმწიფო უკონტროლო პროცესებში ნებით, თუ უნებლიედ, თანამონაწილე გახდეს.

„ძალიან ბევრი კვლევა, ბევრი ინფორმაცია არსებობს, ზოგადად, მგრძნობიარე თემაა და რატომ უნდა აიკიდოს სახელმწიფომ ეს თავის ტკივილი, ამაზე იყო საუბარი, მითუმეტეს, როცა ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ვეღარ მივყვებით, სად მიჰყავთ ეს ბავშვები, ძალიან ბევრი პრობლემა დაფიქსირდა ბავშვების წაყვანასთან დაკავშირებით, შემდეგ იყო ძალიან ბევრი გარჩევა და ბევრი რთული, მგრძნობიარე საკითხი. ამიტომ ვთქვით, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, მითუმეტეს, ევროპული პრაქტიკა დავამუშავეთ, იმას უნდა ჩავეხსნათ და პასუხისმგებლობაში არ უნდა შევიდეს სახელმწიფო. თუ უცხოეთის მოქალაქეს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს. მორალურად თუ მკითხეთ ჩემი პოზიცია, მე არ მომწონს და მიმაჩნია, მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები, ქალბატონები მიჰყავთ. რამდენიმე ფაქტი არსებობს, რომ მძიმე ვირუსები გადაედოთ ამ ქალბატონებს, ჯანმრთელობის გაუარესება ხდება, რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს. თუ ჩვენ მოქალაქეებზეა საუბარი, კი ბატონო, ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით, წყვილებსა და სუროგატ დედას შორის. ევროპული ქვეყნების პრაქტიკა დავამუშავეთ, არცერთ განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში სუროგაცია დაშვებული არ არის, ჰიბრიდული პრაქტიკაც არის, გადმოვიღეთ და ვთქვით, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, რომ დემოგრაფია და ა.შ. წავახალისოთ.

პრობლემაა სქესის მიხედვით აბორტების გაკეთება, კატასტროფაა. ჩვენ თუ არ ვუთხარით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ძვირფას ძმებს და დებს, რომ არ შეიძლება, ეს არის შვილების მკვლელობა, არაფერი არ გამოვა ასე. ათიათასობით აბორტი კეთდება ყოველ წელს ქვეყანაში, ტრაგედიაა ეს, უბედურებაა, ამიტომ მეტი კამპანიაა საჭირო, მეტი ინფორმაცია, მეტი ცნობიერების ამაღლება ჭირდება თუნდაც, ჩვენ ახალგაზრდა წყვილებს. ამაში სახელმწიფოს როლი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, მე არავითარ აკრძალვებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმირება საზოგადოების და ცნობიერების ამაღლება, იგივე რა რისკებს იწვევს მათ შორის, ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და ა.შ.

სუროგაციაზე ჩემი პოზიცია მოგახსენეთ, მორალურად მიმაჩნია, რომ მისასალმებელი არ არის ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან, არ ვიცით ეს მოქალაქეები ვინ არიან, ეს ბავშვები სად მიჰყავთ მერე, ბევრი უკონტროლო სიტუაცია, პროცესებია, არ გვინდა, უკონტროლო პროცესებში ვიყოთ თანამონაწილე ნებით, თუ უნებლიედ, მანდ ბევრი რისკია, აღარ მინდა ამ თემის გაგრძელება და გაშლა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს