საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება.
ამასთან, აღნიშნა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.
„რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებლებს, გეტყვით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, წინა პრემიერობის დროს ავაშენეთ 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, ეს საკმარისი არ არის. მე ვფიქრობ, დაახლოებით 3000-მდე უნდა ავაშენოთ. ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს აქტიურად, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რომ მოხდეს 3 კორპუსის აშენება, ასე რომ მიდის მუშაობა, ვმუშაობთ, ეს ყველაფერი მოგვარდება“, - განაცხადა პრემიერმა.